რამდენიმე კვლევით, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მეთოდით და სხვადასხვა მეცნიერის ინიციატივით, ჩატარდა, ორგაზმს გარკვეული სიძლიერის ტკივილის რეგულირება და შემცირება შეუძლია.
2 000 წელს თარინ ელისონმა [Ellison, 2000] წამოაყენა თეორია, რომლის თანახმადაც ორგაზმს ტკივილის შემსუბუქება/დაძლევა შეუძლია.
კვლევის ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა და სადაც 1 900 ქალი იღებდა მონაწილეობას, ქალებმა აღნიშნეს, რომ მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებლად მასტურბირებდნენ: ეს პრაქტიკა ეფექტიანი აღმოჩნდა - ორგაზმი ტკივილს აყუჩებდა.
ევანსმა და ქოუჩმა [Evans and Couch, 2001] კვლევა ჩაატარეს, სადაც 83 ქალი იღებდა მონაწილეობას. მათ შაკიკი ჰქონდათ. ქალების ნახევარში შაკიკის დროს ორგაზმის გამოწვევა ნაწილობრივ შვებას მაინც იწვევდა. მართალია, შაკიკის დროს მხოლოდ ორგაზმის “გამოყენება” ტკივილის გამაყუჩებლად ბევრად ნაკლებად სანდო და ეფექტიანია, ვიდრე წამლებით თერაპია, - ორგაზმს მაინც უფრო სწრაფად წარმავალი გამაყუჩებელი, მოვლითი შვების, ეფექტი ჰქონდა.
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაგინალური თვით-სტიმულაცია ზრდიდა ტკივილის ამტანობას [Komisaruk & Whipple, 1984; Whipple and Komisaruk, 1985]. ტკივილის მიმართ ამტანობა ან მისი ზღვარი განისაზღვრა თითებით ვაგინის იმ დონეზე სტიმულირებით, რომელიც ტკივილის ზღვარს უახლოვდებოდა და უკვე იყო კიდეც მისი დასაწყისი.
ვაგინის წინა კედლის მძაფრი სტიმულირების შემდეგ 50 პროცენტით გაიზარდა ტკივილის ამტანობის ზღვარი [ორგაზმის ანალგეტიკური უნარის წყალობით]. ვაგინის უკანა კედლის იგივე ძალით სტიმულირებას მსგავსი სიმძლავრის გამაყუჩებელი ეფექტი არ ჰქონდა.
მეცნიერთა ნაწილი შაკიკთან დაკავშირებული თავის ძლიერი ტკივილის ორგაზმით მართვის იდეას სთავაზობს.
ვაგინის სტიმულირება | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | ფანქარი, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა
მიუნსტერის უნივერსიტეტის კვლევა, გერმანია
გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში, შტეფან ევერსმა და მისმა კოლეგებმა, ამ თემაზე დიდი, კოჰორტული კვლევა ჩაატარეს. მეცნიერთა ჯგუფმა შაკიკის მქონე 600 ინდივიდს კითხვარები გაუგზავნა და ანონიმურად სთხოვა შევსება, რომლის დროსაც მათი გამოცდილების მოყოლა სთხოვეს სექსუალური ქცევების დროს შაკიკის ტკივილის სიძლიერეზე. რესპონდენტების 60-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ თუკი შაკიკის დროს სექსით კავდებოდნენ, ტკივილის დონე იკლებდა.
ექიმმა ევერსმა, ნევროლოგიისა და კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის პროფესორმა და თავის ტკივილის ევროპული აკადემიის პანელის თავმჯდომარემ, ამ კვლევის გავლენა ტკივილის პრაქტიკული მართვის კუთხით გააანალიზა. მას სჯერა, რომ ორგაზმი ტკივილის შემსუბუქებაში მთავარი ფაქტორია, რადგან ორგაზმის პიკის დროს ენდორფინები [“ბედნიერების” ჰორმონები] გამოიყოფა.
ცოტა გაურკვეველი იყო ის ფაქტი, თვითონ სექსის პროცესს, როგორც სასიამოვნო მოვლენას, ჰქონდა თუ არა თავისი წილი ხვედრი ტკივილის შემცირების საქმეში; ევერსის თქმით, ზოგჯერ სექსთან დაკავშირებულ მოძრაობებს, შეუძლია შაკიკთან დაკავშირებული გულისრევის შეგრძნების გამწვავება და შეხების მიმართ მგრძნობიარობის გამძაფრებაც. მართალია, ნევროლოგი პაციენტების სექსუალურ ცხოვრებას არ განიხილავს მათთან, მაგრამ თუკი ვინმე ჰკითხავს, ის ყოველთვის ურჩევს მათ მასტურბაციას.
რატჯერსის უნივერსიტეტის კვლევა, ა.შ.შ.
ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რატჯერსის უნივერსიტეტში, რომელიც ნიუ ჯერსის შტატშია, მეცნიერებმა უფრო პატარა კვლევის ჩატარება გადაწყვიტეს, რომლის მიზანი იყო უფრო მეტი ნათელი მოეფინა იმ საკითხისთვის, რაც ორგაზმსა და ტკივილის გაყუჩებას ეხება.
კვლევას მეცნიერი ნენ უაისი უძღვებოდა, რომელიც კოგნიტური ნეირომეცნიერი და ფსიქოლოგიის ლექტორია. ის და მისი კოლეგები იმის გაგებას ცდილობდნენ, რატომ იზრდება ტკივილის მიმართ ქალების ამტანობა/ტოლერანტობა 75%-ით ორგაზმის დროს. ამისთვის კი ექიმმა უაისმა და მისმა კოლეგებმა თავის ტვინის ვიზუალური კვლევა განიზრახეს, უშუალოდ ორგაზმის დროს.
ამ კვლევაში, სადაც მათ თავის ტვინის ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით გამოიკვლიეს, ათმა ქალმა მიიღო მონაწილეობა, როცა მათი თავის ტვინის ფუნქციონირება შემოწმდა ორგაზმის დროს. გამოსახულებამ აჩვენა, რომ ორგაზმის დროს თავის ტვინის ერთ-ერთი ნაწილი [dorsal raphe nucleus] სეროტონინს გამოყოფდა, რომელიც ძლიერი ანალგეტიკია [ტკივილის გამაყუჩებელი]. კვლევის დროს, ისინი ჯერ თვითონ ისტიმულირებდნენ თავის ტვინს [პერიფერიულად], შემდეგ კი - პარტნიორები უსტიმულირებდნენ; ორივე ქცევის შემდეგ თავის ტვინის ნაწილი - dorsal raphe nucleus აქტიურდებოდა.
თავის ტვინის შემდეგი ზონა nucleus cuneiformis [უჯრედთა ჯგუფი, განლაგებული სოლისებრი ბირთვის წინ] ასევე აქტიურდებოდა ორგაზმის დროს. თავის ტვინის ეს ნაწილი - nucleus cuneiformis - ტვინის ღეროს ის ნაწილია, რომელიც ტკივილის მაკონტროლებლად ითვლება. ორგაზმის პიკის დროს, ნევროლოგებმა შეამჩნიეს, რომ თავის ტვინის ის ნაწილი აქტიურდებოდა, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილის მართვასა და გაყუჩებაზე. თავის ტვინის ამ რეაქციამ გასცა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უყუჩდებოდათ ტკივილი მიუნსტერის უნივერსიტეტის კვლევაში მონაწილეებს ორგაზმის შემდეგ.
ყველაზე საიმედო ამბავი ამ კვლევებიდან ისაა, რომ ორგაზმით “მკურნალობას” გვერდითი მოვლენები არ აქვს. მათთვის, ვისაც შაკიკი აწუხებს, თვით შაკიკისგან მომავალი ტკივილი არაა ერთადერთი პრობლემა: ეს თავსატეხის მხოლოდ ნაწილია. სინათლის მიმართ მაღალი მგრძნობელობისა და გულისრევასთან ერთად, პაციენტებს წლების განმავლობაში ძლიერმოქმედი, პრევენციული წამლების, ვიტამინების, ბოტოქსის, აკუპუნქტურისა და სხვა საშუალებების მიღება უწევთ. რიგ შეთხვევებში, თვით ეს მედიკამენტები იწვევს თავის ტკივილს და პაციენტს უფრო უმწეო მდგომარეობაში აგდებს.
ტკივილი | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | ფანქარი, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა
წამლებისგან განსხვავებით, მასტურბაციას არავითარი გვერდითი მოვლენა არ აქვს: სრულიად უწყინარია. ერთადერთი პოტენციური ცუდი გვერდითი მოვლენა აქ შეიძლება იყოს თავის ტკივილი, რომელიც პენეტრაციის დროს იწყება ხოლმე და მოკლე ხანს გრძლდება. ექიმ ევერსის თქმით, “ეს თავის ტკივილი განსხვავედება შაკიკისგან, სხვანაირად მკურნალობენ და არაფერი აქვს საერთი შაკიკის შეტევასთან.” სექსის დროს თავის ტკივილი უფრო კაცებშია გავრცელებული, და მოკლევადანია. შაკიკის მქონე კაცებს უფრო მეტად მოსდით ეს, ვიდრე სხვებს, მაგრამ ის შაკიკის შეტევისგან განსხვავდება.
რაკი შაკიკი უფრო ქალებს აწუხებთ ხოლმე, ვიდრე კაცებს, სიამოვნების ამ წყაროთი მკურნალობა უფრო ოპტიმალური იქნებოდა მათთვის. მიუნსტერის უნივერსიტეტის კვლევაში კაცები ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ ორგაზმის როლი ტკივილის შემსუბუქებაში კაცებმაც დაადასტურეს და ქალებმაც.
ორგაზმის დროს როგორც ქალებში, ასევე კაცებში მსგავსი ქიმიური მოვლენები ხდება: გამოიყოფა ენდორფინები, სეროტონინი და დოფამინი. შაკიკის შეტევის დროს ხშირად დოფამინის ნაკლებობაა ორგანიზმში, და ორგაზმის დროს სწორედ მისი მოჭარბება ხსნის ტკივილის სიმწვავეს.