ძუძუთი კვება უამრავი ქალისთვის მშვენიერი გამოცდილება შეიძლება იყოს, მაგრამ ის ყოველთვის არ არის მარტივი. მას შემდეგ, რაც ახალშობილს ხელში დაიჭერთ და ფიზიკურად და ემოციურად ყველაზე მომთხოვნი როლის - დედობის - სიტკბოსა და სუსხს პირველად შეიგრძნობთ, განსხვავებული და შერეული გრძნობები მოგაწვებათ: სიხარულით დაწყებული, სტრესითა და შფოთით დამთარებული.
გრძნობების დომხალი განსაკუთრებით აქტუალურია მშობიარობიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში. ჩვილის სიცოცხლის პირველი ორი კვირა ყველაზე დიდი გამოწვევებით არის სავსე და ყველაზე მნიშვნელოვანია დედის რძის გამომუშავების კუთხით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად გახდა დედა.
ეს რჩევები ეყრდნობა ყველაზე ახალ სამეცნიერო კვლევებსა და კლინიკურ გაიდალინებს, ინტერვიუებს ნეონატოლოგებთან, პედიატრებთან, მედდებთან, რომლებიც მშობიარობიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში დედებს აძლევენ რჩევებს და ამის მართვის პრაქტიკული გამოცდილებაც აქვთ.
დღე პირველი - გაითავისეთ თქვენს თავს მიმდინარე დიდი ახალი ამბავი და ჩვილს ძუძუზე მოჭიდება ასწავლეთ
როგორც კი სამედიცინო კუთხით კარგად იქნებით, მშობიარობის შემდეგ ჩვილს მოგიყვანენ, რომ მკერდზე დაიწვინოთ, კანით შეეხოთ და ერთმანეთი შეიგრძნოთ. დედასთან კანით შეხება ჩვილს ეხმარება სუნთქვის, სხეულის ტემპერატურისა და სისხლში გლუკოზის რეგულირებაში; და ამზადებს მას ძუძუთი კვებისთვის.
“დარწმუნდით, რომ ჩვილის სახეს ხედავთ, როცა მკერდზე წევს,” - ურჩევს ახალბედა დედებს მედდა ნენსი ფორსაიტი, რომელიც ბიბ ჯანდაცვის ცენტრში მუშაობს დელავერის შტატში და ნეონატალურ სფეროში სპეციალიზდება. - “ჩვილის თავი ერთ მხარეს ისე უნდა იყოს მიბრუნებული და ოდნავ უკან გადახრილი, თითქოს რაღაცას სუნავს.” ეს განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, როცა დედას ტკივილგამაყუჩებელი აქვს მიღებული და ბავშვის მოუხერხებელ პოზაში მოთავსებამ, შეიძლება, ჩვილს სასუნთქი გზები დაუბლოკოს და სუნთქვა გაურთულოს.
ჩვილები ყველაზე ფხიზლად დაბადების პირველ საათებში არიან და ინსტინქტურად ეძებენ დასაყრდენ ადგილებს, ცდილობენ რამეზე მოჭიდებას ან წოვას. მკერდზე ყოლის და კანთან შეხების ამ საათების განმავლობაში შეეცადეთ, ჩვილმა მოძებნოს და მოეჭიდოს ძუძუსთავებს. პირველი რძე - უფრო სწორად ხსენი, რომელიც რძეზე ოდნავ უფრო სქელია - ყველა იმ საჭირო კვებით ღირებულებებს შეიცავს, რაც ჩვილს სჭირდება; ასევე შეიცავს ანტისხეულებს და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ახალშობილს გასტროენტეროლოგიური და რესპირატორული ინფექციებისგან იცავს.
თუკი ჩვილი ძუძუს ვერ სწვდება, დაეხმარეთ. სჯობს, ჩვილი მიიყვანოთ უფრო ახლოს ძუძუსთან, ვიდრე ძუძუ მიიტანოთ ჩვილთან.
როცა ბავშვი ხელში გიჭირავთ, მისი პირი არეოლის ბოლოსკენ მიმართეთ, ზედა ტუჩი კი ძუძუს კერტებს უნდა ეხებოდეს. როცა ჩვილი პირს გააღებს, ძუძუს კერტები მისი პირის ზედა ნაწილისკენ მიმართეთ და ასე დაეხმარეთ მას წოვაში. იმ დროს, როცა ბავშვის ქვედა ტუჩი, ნიკაპი და ლოყები მკერდს ეხება, არეოლა უნდა ჩანდეს. ჩვილის ცხვირი ზემოთ უნდა იყოს აწეული და სასუნთქი გზები - თავისუფალი, რომ სუნთქვა არ უჭირდეს.
როცა ჩვილს ამ ქვეყნად მოვლენის და ახალ გარემოში მოხვედრის სტრესი, ასე თუ ისე, გაუვლის, ძილი მოუნდება. შეეცადეთ, ამ დროის მისი კვებითი თავისებურებები გაიგოთ. ამაში შედის თავისა და პირის მოძრაობები, დაყრდნობის სურვილი და პატერნები და ხელების მოკიდების მცდელობები. ტირილი ყველაზე ბოლო სიგნალია, რომ ჩვილს საკმაოდ კარგა ხანია, რაც შია. ნაზი სტიმულაცია, მაგალითად, შეხება ტერფებსა და ზურგზე, მას გამოაღვიძებს, რომ შეჭამოს, თუკი ეძინება. ზოგჯერ, თუკი კერტს პირში ჩაუდებთ, ესეც დაეხმარება მოჭიდების ჩვევის გამომუშავებაში.
პირველი კვების დროს ძუძუს მგრძნობიარობა ნორმალური მოვლენაა [მგრძნობიარობამ რამდენიმე მოწოვის შემდეგ უნდა დაიკლოს]; თუმცა, თუკი ისევ გტკივათ და არც ის გესმით, რომ ჩვილი რძეს ყლაპავს, მოჭიდება არასწორია. სპეციალსტიც დაიხმარეთ და დარწმუნდით, რომ ბავშვი საკმარის ხსენს იღებს საიმისოდ, რომ კერტი არ დაზიანდეს. უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას გრძნობთ ასეთ დროს, ვიდრე ის, თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი გვერდიდან; უნდა იგრძნოთ, რომ ჩვილი მძლავრად წოვს და რძეს თავისკენ მიმართავს და ქაჩავს.
სპეციალისტების თქმით, ჩვილს ორივე ძუძუ 10-15 წუთით, 2-3 საათის შუალედით უნდა მისცეთ. ასე დღის განმავლობაში 8-12-ჯერადი კვება გამოდის. თუკი ძუძუთი კვების რამდენიმე საათით გადადება მოგიწევთ [ვთქვათ იმიტომ, რომ ჩვილს არასტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს], არ იღელვოთ. ხსენის გამომუშავება ძუძუში ამის გამო არ შეწყდება იქამდე, სანამ ძუძუში რძე არ ჩადგება [რაც, ჩვეულებრივ, გაჩენიდან 2-3 დღის განმავლობაში ხდება].
ხსენი ეხმარება ჩვილს კუჭ-ნაწლავიდან გამოდევნოს მეკონიუმი - პირველი განავალი, რომელიც მისი ორგანიზმიდან გამოდევნის ბილირუბინს - ყვითელი პიგმენტების შემცველ ნივთიერებას, რომელიც, - თუკი სისხლში დაგროვდა, ჩვილის სიყვითლეს იწვევს. უმრავლეს შემთხვევებში, ეს სიყვითლე საშიში არ არის, თუმცა, თუკი პედიატრი ამბობს, რო ბავშვის სისხლში მისი კონცენტრაცია არანორმალურად მაღალია, შესაძლოა, ფორმულის ან დონორი დედის რძის მიღება გირჩიოთ, ან ფოტოთერაპია [ულტრაიისფერი სხივებით კანის დასხივება], რომელიც შეამცირებს სისხლში ბილირუბინის კონცენტრაციას. ლაქტაციის სპეციალისტმა ასევე ისიც უნდა დაადასტუროს, რომ ბავშვს სწორი მოჭიდება აქვს და რძეს წესების მიხედვით წოვს.
პირველი წარმატებული კვების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, ბავშვმა ერთხელ უნდა დაასველოს პამპერსი და ერთხელაც კუჭში უნდა გავიდეს. პირველი განავალი მწვანე ფერის უნდა იყოს.
დღე მეორე - ჩვილი მშიერია და ხშირად მოითხოვს კვებას
მეორე დღეს ბავშვი უფრო აქტიური და მშიერია და ყოველ მეორე-მესამე საათში მოუნდება ჭმევა და ხელში აყვანა [რაც ნორმალურია და რძის გამომუშავებაში ეხმარება დედას]. კვებით სესიებს შორის ბავშვი მშვიდად უნდა იყოს.
მშობიარობიდან მეორე დღეს, უკვე გაგწერენ კლინიკიდან. მედდა აწონის ბავშვს და იმის გარკვევას შეეცდება, რამდენად სწორად იკვებება ის. დაიმახსოვრეთ, რომ თუკი ბავშვი დროზე დაიბადა და ყველაფერი რიგზე იყო დაბადების დროს, ჩვილი მაინც ბუნებრივად დაკარგავს წონას მომავალი 3-4 დღის განმავლობაში. ექიმი ენრიკე გომეს-პომარი, რომელიც ნეოლატალოგია რაშ ფონდის კლინიკაში, მისისიპის შტატში, და ასევე პედიატრიის პროფესორია კენტუკის უნივერსიტეტში, ამბობს, რომ ბავშვმა დაბადების პირველ დღეს წონის 5 პროცენტი უნდა დაკარგოს, 7.5 პროცენტი - მეორე დღეს, ხოლო 10 პროცენტამდე - მესამე დღეს.” თუ ბავშვი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე ეს მაჩვენებლები, ექიმ გომეზ-პოლმარის თქმით, უნდა შემოწმდეს, რამდენად სწორია ძუძუს წოვების ტექნიკები, რასაც დედა მიმართავს.
რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, საკმარისად არ გამომუშავდეს ხსენი და ბავშვი ვერ დააკმაყოფილოს. ამან, თავის მხრივ, შესაძლოა, სიყვითლის, გაუწყლოვნების, წონის მკვეთრი კლების ან სისხლში გლუკოზის დაბალი მაჩვენებლის რისკები გაზარდოს.
“როცა ბავშვი მუდმივად ტირის ან/და შიმშილის ნიშნებს აჩვენებს, განსაკუთრებით მიუხედავად იმისა, რომ სხვა მხრივ ჯეროვნად უვლით, ეს ნიშნავს, რომ მშიერია,” - ამბობს ექიმი გომეზ-პომარი. ასეთ შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა, ფორმულა შეურიოს კვებას მანამ, სანამ ძუძუს რძე რიგში ჩადგება და საკმარისი იქნება ჩვილისთვის. ზოგიერთ კლინიკაში პასტერიზებული დონორის რძეც არის ხელმისაწვდომი.
ნურც იმის შეგეშინდებათ, რომ დონორის რძე ან ფორმულის დროებით მიცემა დაარღვევს თქვენ შორის სამომავლო ჰარმონიას. არსებობს მცირე ზომის კვლევები, რომ სხვა საკვებით, მათ შორის, ფორმულით შევსება წონის კარგვის რისკებს ამცირებს და ბავშვს შიმშილის დაკმაყოფილებაში ეხმარება, და ეს არც სამომავლო ძუძუთი კვებას შეუშლის ხელს. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ,რომელიც Journal of Pediatrics-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ 164 ბავშვი, რომლებსაც წონის კარგვის რისკები ჰქონდათ და ძუძუსთან ერთად, 2 სუფრის კოვზ ფორმულას იღებდნენ, 3 თვის შემდეგად კარგად იყვნენ აწყობილი ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე. ფორმულისა და სხვა დანამატის ჯგუფის ბავშვების კლინიკაში ისევ მოხვედრის რისკებიც დაბალი იყო და მათი კუჭ-ნაწლავის მიკრობიომი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ფორმულის ბავშვების შედეგებისგან.
თუ ბავშვი ადექვატურად ვერ ეჭიდება ძუძუს, შესაძლოა, ხსენიც მოიწველოს და ბავშვს მიეცეს შპრიცით, პატარა მილით, კოვზით ან ბოთლით, მაგრამ ძალიან ნელა. ლაქტაციის სპეციალისტი გასწავლით, როგორ. ეს იქამდე უნდა მოხდეს, ვიდრე ბავშვი ისევ თვითონ არ შეძლებს თითეული ძუძუდან წოვას, 10-15 წუთის განმავლობაში თითოეულიდან.
თუ ძუძუსთავები დაზიანებულია - გამუქებული, ღარებიანი, დახეთქილი ან სხვა სახის დაზიანებით, გაასწორეთ ჩვილის მოჭიდების პოზიცია, რომ თავიდან აირიდოთ დამატებითი ზიანი. ძუძუსთავები რომ სწრაფად მოგირჩეთ, კვებითი შუალედების დროს კერტების კრემი ან გელი წაისვით.
ამ პერიოდში, ბავშვის კუჭის მოქმედება უკვე შეცვლილი უნდა იყოს. მეკონიუმიდან განავლის ფერი უკვე მოყავისფრო-მომწვანო უნდა გახდეს, რაც იმისკენ მიუთითებს, რომ ჩვილი ხსენს ამუშავებს და მისი სიყვითლის დონეც იკლებს. მეორე დღის ბოლოს, თუკი ყველაფერი რიგზეა, ბავშვს შემდეგი მისია უნდა ჰქონდეს შესრულებული: ორჯერ უნდა დაასველოს პამპერსი და ორჯერ უნდა იყოს გასული კუჭში, განავლის ფერი კი მომწვანო-მოყავისფრო უნდა იყოს.
ძუძუთი კვება დასწავლადი პრაქტიკაა და ყველა სესია, შესაძლოა, სხვადასხვანაირი იყოს. სჯობს, ამ დროს მოშვებული იყოთ: სტრესი და საკუთარი თავისგან იმის მოთხოვნა, რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ, უფრო გააუარესებს მდგომარეობას. საჭიროა საკუთარ საჭიროებებსაც მიხედოთ: დაისვენოთ, შხაპი მიიღოთ, იკვებოთ, სითხეები მიიღოთ და თანდათან გათავისულდეთ იმ ტკივილისა და დისკომფორტისგან, რასაც მშობიარობა იწვევს.
მესამე დღეს, დააკვირდით რძის მარაგს და პედიატრთან პირველი შეხვედრისთვის მოემზადეთ
სანამ სამშობიარო კლინიკას დატოვებთ, დარწმუნდით, რომ პედიატრი დაჯავშნეთ, მომავალ დღეებში გარკვეული მდგომარეობების გადასაწმოწმებლად. “მეორედან მეხუთე დღემდე კრიტიკული მდგომარეობაა ახალშობილებითვის და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს,” - ამბობს ექიმი ვიკი რუ, პედიატრი ინდიანას შტატიდან. “პირველ დღეებში ჩვილები ჯერ კიდევ წონის კლების სტადიაში არიან და შესაძლოა, სიყვითლეც იმატებდეს. ჯანმრთელი ჩვილი, შესაძლოა, ძალიან მალე ავად გახდეს და დეტალური მონიტორინგია საჭირო იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გართულებები.”
ექიმ რუს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირველ დღეებში ბავშვი ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღე მოწმდებოდეს, სანამ არ დარწმუნდებით, რომ კარგად იკვებება და სიყვითლეც გასდის.”
მესამე დღეს, ძუძუ უფრო ივსება, მძიმდება და შესაძლოა, რძემ გამოჟონვაც დაიწყოს. ძუძუს სრულფასოვნად გამომუშავების დაწყებისთვის გაჩენიდან 6 დღეა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, თუკი პირველი ბავშვია და მაშინაც, თუკი საკეისრო კვეთით არის გაჩენილი. რძის გამომუშავება მხოლოდ დედის მონდომებაზე არაა დამოკიდებული და არც უნდა დაიდანაშაულოთ თავი, თუკი ყველაფერი კარგად არ მიდის, მაგრამ თუკი პრობლემას ადრეულად ამოიცნობთ და სწორად მართავთ, გამოსწორება შესაძლებელია. თუკი რძის გამომუშავება მაინც შეფერხებულია, მაინც გააგრძელეთ ძუძუს მიცემა ყოველ მეორე-მესამე საათს და ჩვილს სხვა საკვებითაც შეუვსეთ მენიუ, სანამ რძე სრული დატვირთვით არ ჩადგება.
დედების უმეტესობას არ სჭირდება დამატებით კვებონ ჩვილები, თუკი იციან, როგორ იქცევა მათი შვილი შიმშილის დროს. [თუკი რძე მაინც მცირე დოზით გამომუშავდება, ეს წაიკითხეთ.]
მესამე დღის ბოლოს ბავშვმა დღეში სამჯერ უნდა დაასველოს პამპერსი და იგივე რაოდენობით გავიდეს კუჭში. თუკი ცოტას წაუძინებთ, დარწმუნდით, რომ ბავშვს მარტო უსაფრთხოდ სძინავს, ზურგზე წევს და სათანადოდ არის დამაგრებული სარწეველაზე, ისე, როგორც ამერიკის პედიატრთა აკადემია გვირჩევს.
დაბადებიდან მეოთხე დღეს, ამოწმეთ შესიებები და კუჭის მოქმედებაში ცვილილებებიც
მეოთხე დღეს, რძე სრულად უნდა იყოს მოსული, რაც შეიძლება მოხდეს უცებ ან თანდათან. იმასაც შეამჩნევდით, რომ ჩვილი უფრო სწრაფად ყლაპავს, მაგალითად, ერთი გადაყლაპვის დროს სამჯერ მოწოვს და ქაჩავს რძეს მისკენ. როცა ძუძუ სრულად სავსეა, ჩვილს, შესაძლოა, მოჭიდება გაუჭირდეს. შეეცადეთ, რძე ცოტა მოწველოთ, რომ ძუძუს სიმძიმე შემსუბუქდეს და ჩვილი ადვილად მოეჭიდოს. თუკი ძუძუს დასიება არის რამე კავშირში რძის დინებასთან ან მის ქვემოთ ჩამოწევასთან, ცივი ნივთები დაიდეთ კვების სესიებს შორის, რომ ძუძუს შეშუპება შემცირდეს და შემდეგ კი აუცილებლად დაელაპარაკეთ ლაქტაციის სპეციალისტს, დამატებითი დახმარებისთვის.
მეოთხე დღის ბოლოს, ჩვილი დღეში 6-8 პამპერსს უნდა იცვლიდეს და კუჭში ოთხჯერ უნდა გადიოდეს. განავალი უკვე სხვა ფერის იქნება: მომწვანო-მოყავისფრო-მოყვითალო, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ბავშვი კარგად იკვებება.
ასეთი დროს, დედის ორგანიზმში დიდი ჰორმონალური ძვრები მიმდინარეობს. შესაძლოა, უმიზეზოდ გეტირებათ, ვერ იძინებთ, ვერ ჭამთ და გადაწყვეტილებებს ვერ იღებთ. ამას პოსტსამშობიარო დეპრესიას/მოწყენას ეძახიან, და ჩვეულებრივ ჩვილის გაჩენიდან 1-2 კვირაში უნდა გავიდეს. თუკი ამ მდგომარეობამ არ გაიარა, ექიმს უნდა მიაკოთხოთ და აღუწეროთ მდგომარეობა.
მეხუთე დღეს, ჩვილისა და დედის სხეული ძუძუთი კვებასთან მიჩვევას იწყებს
ამ დროს უკვე ჩვილი თავისით იღვიძებს ყოველ ორ-სამ საათში ერთხელ და კვებას ითხოვს, ოთხჯერ ასველებს პამპერსს და სამჯერ გადის კუჭში. განავალი მოყვითალო ფერია და ფორმით თესლის ჰგავს. ყოველი კვების სესიის შემდეგ, ძუძუ უნდა დარბილდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვილს რძის გამოქაჩვის უნარი და ძალა აქვს, და ამავე დროს, წონაშიც იმატებს. ძუძუ სულ სავსეა და არის რძის გამოჟონვის შემთხვევებიც.
მე-6 და მე-10 დღეებს შორის, ჩვილის კვებითი რუტინა უფრო დალაგებულია
რაკი ჩვილი უფრო მეტ რძეს იღებს, ვიდრე აქამდე, უკვე ეტყობა კვების რეჟიმის დარეგულირება, რასაც ბუნებრივად მოჰყვება ძილისა და ღვიძილის მეტი სიმშვიდე და მოსალოდნელობა. თუკი ჩვილს ძუძუს წოვება მხოლოდ კომფორტისთვის მოსწონს და არა მხოლოდ კვებისთვის, მაშინ ასეთი ჩვევაც შესაძლოა გამოუმუშავდეს: საათობით გააგრძელოს ძუძუზე მოჭიდება, რა დროსაც დედასთან ყოფნის სიამოვნებას იღებს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაგრამ რძეს მაინცდამაინც არ წოვს.
ამ დროს, ჩვილი უკვე ოთხჯერ ან მეტჯერ გადის კუჭში, განავალი მოყვითალოა და 24 საათის განმავლობაში ექვსი ან მეტი პამპერსი სჭირდება. თუკი რამეში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ეს წესები წაიკითხოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენ და ჩვილი სწორ გზას ადგახართ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დასვენება და ძილი: დაიძინეთ მაშინ, როცა ჩვილს სძინავს, მასთან ერთად.
მე-11 და მე-14 დღეებს შორის - ბავშვი თითქოს უცებ გაიზარდა
ორი კვირის ბოლოს, ბავშვს უკვე ექნება შესამჩნევი ზრდა და უფრო მეტად მოუნდება თქვენი ყურადღება, ვიდრე ადრე: აგრესიულ-ნერვულად მოითხოვს შიმშილის დაკმაყოფილებას. ეს რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს, სანამ ჩვილი რძის საკმარის დოზას მიიღებს, რძის მარაგი კი მის მოთხოვნებთან შესაბამისი იქნება.
ძუძუ ისეთი სავსე ვერ იქნება, როგორც წინა კვირების განმავლობაში. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რძე საკმარისი არაა. თუკი ბავშვს კვების რეჟიმი აკმაყოფილებს და წონაშიც იმატებს, ნიშნავს, რომ რძე საკმარისია. წონის ყოველკვირეული შემოწმებაც კარგი გზაა მისი კონტროლისთვის პირველი თვის განმავლობაში, სანამ რძით კვებას საბოლოოდ მიეცემა რეგულარული და სტაბილური სახე და ფორმა. ჩვილი, რომელიც ჯეროვნად იკვებება ძუძუთი, ერთი კვირის განმავლობაში 140-200 გრამს იმატებს.
ბავშვის მოვლა განსაკუთრებული პროცესია. მართალია, ეს გზა სირთულებითაა აღსავსე, მარამ დროთა განმავლობაში მარტივდება, უფრო სასიამოვნო ხდება და სანაცვლოდ, ბავშვთან ურთიერთობის დროს, დედა მისი სიყვარულით ჯილდოვდება.
რა შეიძლება იყოს განგაშის მიზეზი?
თუკი ბავშვი საკმარის რძეს ვერ იღებს, ამას შემდეგი ქცევებით გამოავლენს: თითქმის ყოველი კვების შემდეგ ტირის; კანი ყვითელი აქვს; სწრაფად ვერ იღვიძებს და კვების დროს ეძინება - ღვიძილი უჭირს; ძუძუზე მოჭიდება და ასე კვება უჭირს 10 წუთის განმავლობაში; უფრო ნაკლებად ასველებს პამპერსს და გადის კუჭში, ვიდრე საჭიროა; ტუჩები გამომშრალი აქვს. თუკი ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, პედიატრს ან ოჯახის ექიმს დაელაპარაკეთ.
თუკი ძუძუ ან ძუძუს თავები გტკივათ და ცხელებას გრძნობთ, დაურეკეთ სპეციალისტს, რადგან ეს მდგომარეობები, შესაძლოა, მკურნალობას საჭიროებდეს.
თუკი დეპრესია ან ცუდი ხასიათები ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, გინეკოლოგს და შესაბამის სპეციალისტს დაელაპარაკეთ: შესაძლოა, აქაც გჭირდებოდეთ დახმარება.
ყველაზე მთავარი რჩევა: მშვიდად იყავით საკუთარ თავთან. ♦
► მასალა ადაპტირდა სტატიიდან ⇒ How to Breastfeed During the First 2 Weeks of Life