2024-01-02

  • ალკოჰოლი, დიდი ალბათობით, აუარესებს ორგაზმის ხარისხს
  • ალკოჰოლის მიღების დოზებმა და სიხშირემ, შესაძლოა, ცუდი გავლენა მოახდინოს ორგაზმზე.

    ემმა შმიდტს, კლინიკურ სექსოლოგს ცინცინატის შტატში, უკვე სათვალავი აერია იმ პაციენტებისა, რომლებიც მას დაბალი ლიბიდოსა და ორგაზმის მიღწევის პრობლემებით აკითხავენ.  

    ყველა მსგავსი ისტორიის მქონე პაციენტს წარსულში ერთხელ მაინც ჰქონდა ექიმისგან მიღებული რჩევა, რომ სექსის წინ “მოდუნებულიყო” და უბრალოდ, “ერთი ჭიქა ღვინო დაელია”. 

    ექიმი შმიდტი ამბობს, რომ ასეთი რჩევა არა მხოლოდ შეცდომაში შემყვანია, არამედ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ღრმა უფსკრულია მეცნიერებასა და ალკოჰოლთან დაკავშირებით არსებულ კოლექტიურ ცოდნას შორის.  

    ძველი და გადაუმოწმებელი “ცოდნა” კი სექსში ალკოჰოლის როლს არასწორად ხედავს.

    წლების განმავლობაში ურთიერთსაწინააღმდეგო მიგნებების შემდეგ, ბოლოდროინდელმა კვლევებმა საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ ალკოჰოლის ზომიერი მიღებაც კი ზოგად ჯანმრთელობას ზიანს აყენებს

    კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ როგორ მოქმედებს ალკოჰოლი სექსუალურ ჯანმრთლობაზე - განსაკუთრებით კი ორგაზმის მიღწევაზე - უფრო რთულად საპასუხო კითხვაა. 

    “საზოგადოება დიდი ხანია ალკოჰოლს, როგორც რომანტიკული შეხვედრების უცვლელ შემადგენელს, ისე უყურებს”, - ამბობს კატალინა ლოსინი, კლინიკური ფსიქოლოგი. მან აღნიშნა, რომ ადამიანები ხშირად სექსის წინ ალკოჰოლს იღებენ,  რაც მათთვის რეალობიდან ერთგვარი გაქცევის საშუალებაა - და ასევე იმიტომაც, რომ საზოგადოებაში არსებობს ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ ალკოჰოლს “სექსუალური ლტოლვისა და სიამოვნების ახალ სიმაღლემდე აყვანა შეუძლია”.

    რეალობა კი, მისი თქმით, ბევრად უფრო მრავალფეროვანი და რთულია.

    ანორგაზმია | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | მასალა - ფანქარი, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა 

     

    რა [მო]ხდება მაშინ, როცა სექსის წინ ალკოჰოლს [მი]იღებთ?

    “ამასთან დაკავშირებით ცალკე კვლევები არ არსებობს”, - ამბობს ექიმი ლორენ შტაიხერი, გინეკოლოგი და პროფესორი Northwestern University-ს ფაინბერგის სამედიცინო სკოლაში, რომელიც ქალების სექსუალურ დისფუნქციებს სწავლობს. 

    არსებული მონაცემების უმეტესობა ვირთხებზეა ჩატარებული. პატარა, თვისებრივი კვლევებიც არსებობს, რომლებიც უფრო ხშირად განმეორებად პატერნებს აჩვენებს: ალკოჰოლის მცირე დოზაც კი ზრდის აღგზნების დონეს და წმინდა ტექნიკურ დონეზე აჩლუნგებს ნერვულ რეაქციებს, ხოლო დიდი რაოდენობით ალკოჰოლს აღგზნების ჩახშობა და ორგაზმის დაყოვნება ან მისი მიღწევის სირთულის გამოწვევა შეუძლია. 

    თუ რატომ ან როგორ აფერხებს ალკოჰოლი ორგაზმს, ეს თავის ტვინში ალკოჰოლის მიღების შედეგად მიმდინარე პროცესებით აიხსნება. 

    ექიმი რეჯინა კრელი, ასისტენტ-პროფესორი ნევროლოგიაში ჰაკენსეკის მერიდიანის სამედიცინო სკოლაში, ამბობს, რომ ალკოჰოლის მიღების დროს ორგანიზმში დოფამინი გამოიყოფა, რომელიც, მისივე აღწერით, “ის ჰორმონია, რომელიც თავს კარგად გვაგრძნობინებს.” ექიმებს სჯერათ, რომ ის აკონტროლებს ადამიანის სურვილს სექსუალურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

    ამავე დროს, ალკოჰოლის მიღება თავის ტვინში ქიმიური მესენჯერის - გამა-ამინობუტირიკის მჟავის, იგივე GABA-ს, გამოყოფას უწყობს ხელს, რომელიც ნერვულ უჯრედებს შორის ინფორმაციის გაცვლას აფერხებს, თავის ტვინის მუშაობას ანელებს და კუნთებს ადუნებს.

    “უფრო არა აგზნებით, - პირიქით, - მოშვებით,” ამბობს ლორი მინცი, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტში ემერიტუს პროფესორია და ადამიანის სექსუალობას სწავლობს. “მთელი ირონია იმაშია, რომ გვგონია, რო ალკოჰოლი უფრო აძლიერებს სექსუალურ სურვილებს, მაგრამ სინამდვილეში ალკოჰოლი ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია.”

    ექიმ კრელის თქმით, ალკოჰოლი, ერთგვარად, ანელებს თავის ტვინის მუშაობას, მათ შორის,  პრეფრონტალური ქერქის აქტივობას [რომელიც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვასა და აწონ-დაწონვაში ეხმარება ადამიანს], ცერებრუმისა [რომელიც კოორდინაციის კონტროლში გვეხმარება] და  ავტონომიური ნერვული სისტემის მუშაობას [რომელიც გულის მუშაობასა და სუნთქვას არეგულირებს]. 

    ექიმ ლოსინის თქმით, ალკოჰოლი აჩლუნგებს თავის ტვინის რეაქციას სექსუალურ მასტიმულირებლებზე, ვერ აკოორდინირებს და უზრუნველყოფს კუნთების კუმშვით რეაქციებს. 

    “მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება მოდუნებასა და რეაქციის შენელებას იწვევს, ჭარბად მოხმარება კი უფრო მეტად აფერხებს იმ მძაფრ შეგრძნებებს და ჩახლართულ ნევროლოგიურ მექანიზმებს, რასაც ორგაზმამზე მივყავართ.” 


    მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენს ვსვამთ 

    მეცნიერები ამბობენ, რომ სექსამდე მცირე დოზებით ალკოჰოლის მიღებას არა უშავს. 

    მათივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალკოჰოლის რაოდენობას და მიღების სიხშირეს იმასთან, მოხსნის თუ არა ალკოჰოლი სექსამდე სტრესებს, მოადუნებს თუ არა ადამიანს თუ ორგაზმის მიღწევას შეუშლის ხელს.

    ამერიკის შეერთებულ შტატებში ალკოჰოლის ზომიერ მიღებად მიიჩნევა კაცისთვის დღეში ორჯერ და ქალისთვის ერთხელ დალევა. თუმცა, რა გავლენას იქონიებს ალკოჰოლის ესა თუ ის დოზა ადამიანზე, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, გენებზე, სხეულის ზომასა და აგებულებაზე და ალკოჰლის მიღების წარსულ ჩვევებსა და თავისებურებებზე.

    ექიმ მინცის თქმით, ალკოჰოლის ხშირად მიღება შესაძლოა გახდეს ერექციული დისფუნქციებისა და ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი. არაერთმა კვლევამ ასევე დააკავშირა ერთმანეთთან ქალებში სექსუალური დისფუნქციები და ალკოჰოლის ჭარბი მიღება [მუდმივი პრობლემები სექსუალურ გამაღიზიანებელზე პასუხზე, სურვილებსა და ორგაზმის მიღწევაზე].

    “არ არსებობს ალკოჰოლის მიღების ‘ოპტიმალური’ მაჩვენებელი, რომელიც ყველას ერგება,” ამბობს ლოსინი, და ამატებს, რომ ალკოჰოლმა, შესაძლოა, წყვილის კომუნიკაციასაც კი შეუშალოს ხელი, ასევე იმოქმედოს გადაწყვეტილების მიღების უნარებზე და სექსი გაცნობიერებული თანხმობის გარეშე მოხდეს. 

    როგორ ვეძებოთ გამოსავალი, თუკი ორგაზმის მიღწევის პრობლემა დგება?

    თუკი ანორგაზმიას უჩივით [ანორგაზმია არის დაყოვნებული ორგაზმი ან ხშირი ჩავარდნები, ან ორგაზმის მიუღწევლობა], შეგიძლიათ მიმართოთ მკურნალს, რომელიც სექსუალური ჯანმრთელობის კუთხით არის სპეციალიზებული. 

    ანორგაზმიას, შესაძლოა, არაერთი მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან წამლები, პრობლემები ურთიერთობაში, წარსული ტრავმები და ალკოჰოლის ჭარბი მიღება. 

    ზოგადი პროფილის ექიმებს, ასევე გინეკოლოგებსა და უროლოგებს, არ აქვთ სპეციფიური ცოდნა სექსუალობის მედიცინაში. არადა, კარგი იქნებოდა ეს ცოდნა ჰქონოდათ, რომ უკეთესად ემუშავათ ანორგაზმიის მქონე პაციენტებთან. 

    ექიმ შმიდტის თქმით, თუკი სექსამდე ალკოჰოლს იღებთ, ჰკითხეთ თავს, რატომ აკეთებთ ამას, რადგან ეს ჯანმრთელობის სპეციალისტებსა და სექსის თერაპევტებს ფასეულ ინფორმაციას მისცემს.

    ხშირად ან თითქმის ყოველთვის იღებთ ალკოჰოლს სექსის წინ?

    თუ ვინმე ალკოჰოლს იმიტომ იღებს, რომ სექსი მის გარეშე არ შეუძლია, ან ჰგონია, რომ არ შეუძლია, - ეშინია, რცხვენია ან სხვა მიზეზები აქვს, პრობლემები სხვაგან უნდა ვეძებოთ,” - ამბობს ექიმი შმიდტი.

     
     
     
     
    ♦  მასალა ადაპტირდა სტატიიდან Alcohol Might Be Ruining Your Orgasm
     
      ძირითადი სამეცნიერო წყარო [ლინკების სახით მოხსენიებულების გარდა]: "ორგაზმის მეცნიერება", ბარი კომისარუკი, კარლოს ბეიერ-ფლორესი და ბევერლი უაიფლი; ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამომცემლობა → The Science of Orgasm
     
     პროექტის "ორგაზმზე სამეცნიერო მონაცემების გავრცელება & ცნობიერების ამაღლება" იდეური და ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში".