2024-04-11

  • ბოლო თვეებში დამონტაჟებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ყველა ავტომატური სადგური ფონურია
  • დღეს ჰაერის პორტალის რუკაზე ახალი ავტომატური სადგურის წერტილი გამოჩნდა - "ვაშლიჯვრის." 

    11 აპრილის 14:00 საათის მდგომარეობით, ამ წერტილიდან მხოლოდ ერთი დამაბინძურებლის - გოგირდის დიოქსიდის - მონაცემი ჩანდა, მაგრამ მის კონცენტრაციაზე მონაცემი არ იყო დაზუსტებული. 

    ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ვაშლიჯვრის ავტომატური სადგური მეხუთეა თბილისში მოქმედ ოთხს შორის.

    "ეს არის ახალი სადგური. სრულფასოვანი მაჩვენებელი ჯერ არ ჩანს. ფერიც არის რუხი. ნელ-ნელა, სატესტო რეჟიმში, მიმდინარეობს ახალი სადგურების პორტალზე ასახვა," - გვიპასუხეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში. - "შეიძლება ეს მონაცემი გამოჩნდა იმიტომ, რომ [პროგრამისტებმა] ნახონ, როგორ ჩანს [ახალი სადგურები პორტალზე]. შეიძლება, მოგვიანებით ისევ გაითიშოს."

    11 პარილის 17:27 საათის მდგომარეობით, ამ სადგურის წერტილი რუკაზე გამქრალი იყო, ამავე დღის 19:30-ზე კი ისევ გამოჩნდა პორტალზე.

    "ჩვენი ინტერესიც არის, რომ დროულად მოხდეს პორტალზე ახალი სადგურების ასახვა და მიდის სამუშაოები, მაგრამ ზუსტი რიცხვისა და თვის თქმა [თუ როდის აისახება ყველა სადგურის მონაცემები პორტალზე] არ შეგვიძლია."

    თბილისში, ვაშლიჯვარში, 2012 წელსაც დამონტაჟდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პირველი ავტომატური სადგური, რომელიც საქართველოს მთავრობას ჰოლანდიის სამეფოს საელჩომ აჩუქა. მოგვიანებით ეს სადგური წყობიდან გამოვიდა და ფუნქციონირება შეწყვიტა, რაც "კაქტუსს" საელჩომაც დაუდასტურა

     

     

    ახალი ავტომატური სადგურები საქართველოში

    ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოში რვა ახალი სტაციონარული ავტომატური სადგური დაინსტალირდა, მათ შორის, რეგიონებში, მაგრამ მათი მონაცემები ჰაერის პორტალზე არ არის ასახული.

    ყველა მათგანი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, ფონურია. 

     

    ფონური და დამაბინძურებელთან ახლო სადგური

    ფონურია ის სადგური, რომელიც დამაბინძურებელ წყაროსთან ახლოს არ დგას.

    დამაბინძურებელი წყაროს უკეთ გამოვლენის მიზნით სასურველია, რომ ფონურ სადგურთან ერთად, არსებობდეს გზისპირა, - დამაბინძურებელ წყაროსთან ახლოს მდგარი, - სადგურებიც.
     
    ამ ორი ტიპის სადგურის მონაცემების შედარებით, უფრო მარტივად შეიძლება დამაბინძურებლის გამოვლენა და დამაბინძურებელი წყაროს, ასევე დაბინძურების დინამიკის, მონაცემებით დადასტურება.
     
    ორი ტიპის [ფონური და დამაბინძურებელთან ახლოს] მონაცემების მოგროვება აუცილებელია დამაბინძურებლების დაავადებებთან კორელაციის დადგენის, დამაბინძურებელი წყაროების შემცირების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებითვის პოლიტიკის გატარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
     

    საქართველოში რვა ახალი ავტომატური სადგურის მისამართებია:

    1. ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი No34;

    2. ქალაქი რუსთავი, მეგობრობის გამზ. No35ა, No20 საჯარო სკოლის ეზო;

    3. ქალაქი ქუთაისი, ნინოშვილის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთა [პარკის ტერიტორია];

    4. ქალაქი ბათუმი, ბათუმის ცენტრალური პარკი;

    5. ქალაქი ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა No192, No3 საჯარო სკოლის ეზო;

    6. ახალციხე, ასპინძის ქუჩა No18, No2 საჯარო სკოლის ეზო;

    7. ქალაქი თელავი, კვირიკე დიდის ქუჩა No43, No5 საჯარო სკოლის ეზო;

    8. მესტია - დაბა მესტია, მესტიის პარკი. 

     

    ღია მონაცემებში ასახვა ონლაინ

    ახალი ავტომატური სადგურების ლოკაციები და მონაცემები ჰაერის ონლაინ პორტალზე ჯერ-ჯერობით მონიშნული არ არის.

    “ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები ახალი სადგურების ჰაერის ხარისხის პორტალთან დაკავშირების მიზნით, რის შემდეგ მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პორტალზეც,” - გვიპასუხეს სააგენტოდან.

    სააგენტოში კონკრეტული თარიღი არ დაუზუსტებიათ, თუ როდის აისახება ახალი სადგურების მონაცემების პორტალზე, ონლაინ, სადაც ის, დაინტერესებული მხარეებისთვის, უფრო მარტივად არის ხელმისაწვდომი, ვიდრე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის გზით. 

     

    ძველი ავტომატური სადგურები

    ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შვიდი ავტომატური სადგური, რომლებიც ამჟამად ჰაერის პორტალზე ჩანს, საქართველოს დონორებმა აჩუქეს, ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტით არის შეძენილი.

    საერთო ჯამში, რვა ძველი სადგურისთვის [მათ შორის, ერთი მობილური] ხუთ მილიონ ლარამდეა დახარჯული [უფრო ზუსტად - 4,719,822.49 ლარი].