2023-11-25

  • რატომ ყოვნდება კლიტორის ფიზიოლოგიის შესწავლა?
  • სამედიცინო ექსპერტების თქმით, კლიტორს სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, მის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას ცუდი შედეგები მოაქვს ქალის ჯანმრთელობისთვის.

    ჯილიანმა ზუსტად იცოდა, რომ გენიტალიებთან ახლოს კიდევ ერთ ჩხვლეტას ვერ გადაიტანდა. 

    2018 წელს, როდესაც გინეკოლოგმა ვულვის გარშემო ბიოფსია შესთავაზა, რომ სიმსივნური უჯრედების არსებობა გადაემოწმებინა, ცოტა ხანი იყოყმანა.  ექიმმა ივარაუდა, რომ კლიტორთან არსებული მოთეთრო ნადები - ლიქენ სკლეროზისი იყო, რომელიც, როგორც წესი, კეთილთვისებიანი ქსოვილია. ჯილიანისთვის, რომელიც თვითონაც მედდაა, ყველა მგრძნობიარე ადგილიდან უჯრედების ამოღება არცთუ ისე სასიამოვნო პროცედურა იქნებოდა.

    საბოლოოდ, მაინც დათანხმდა. ექიმი, რომელიც ამას ურჩევდა, კაცი იყო, თვითონ - მედდა ქალი. ჩათვალა, რომ მას [კაცს] ამ ორგანოზე ექსკლუზიური ძალაუფლება ჰქონდა და ამას ერთგვარად ბოროტად იყენებდა. 

    “მეანობა-გინეკოლოგიაში არასოდეს მიმუშავია,” - აღნიშნა ჯილიანმა, რომელმაც მხოლოდ სახელი გაგვიმხილა, - ნაწილობრივ თვით-იდენტიფიცირებაზე იყო თანახმა. “არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.” 

    ბიოფსიისთვის ის გინეკოლოგურ სკამზე აიყვანეს და ეპიდურალურად გაუყუჩეს კლიტორის ტერიტორია. შემდეგ კი, სისხლდენის შესაჩერებლად, ექიმმა კაცმა ერთი ხელი მეორეს დაადო და ვულვაზე მაგრად დააჭირა. ზურგის ტვინიდან გაყუჩების მიუხედავად, ჯილიანმა ბოქვენის ძვალთან ტკივილი მაინც იგრძნო. წამოიყვირა კიდეც. 

    ვულვა ქალის გარე გენიტალიაა, რომელსაც შიდა და გარე ლაბია აქვს და კლიტორსა და ვაგინისკენ შემავალ ადგილას მდებარეობს.

    ვაგინის კარიბჭე | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | მასალა - ფანქარი, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა 

    ერთი თვის შემდეგ, ბოიფრენდთან ყოფნისას, მიხვდა, რომ ორგაზმს ვერ აღწევდა. აღგზნება შეეძლო, თუმცა იმ წამს, როცა ორგაზმისთვის უნდა მიეღწია, “პროცესი არაფრით მთავრდებოდა”, - იხსენებს ის. “ახლაც ასეა.”

    როცა ამაზე გინეკოლოგს დაელაპარაკა, მან უპასუხა, რომ კლიტორის გაუგრძნობელობა და ორგაზმის მიუღწევლობა დროებითი ნაიარევის გამო იყო გამოწვეული და დროთა განმავლობაში, გამოსწორდებოდა. 

    დრო გადიოდა. პრობლემა კი არ სწორდებოდა. 

    უკვე შეშფოთებული და შეშინებული,  გამოსავლის ძიებაში, ჯილიანი ერთი სპეციალისტიდან მეორესთან გადადიოდა, მაგრამ ამაოდ. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ არავის უნდოდა მის კლიტორზე საუბარი. 

    ერთ-ერთმა უროლოგმა ის ძალადობის მსხვერპლსაც შეადარა და აღნიშნა, რომ ორგაზმის არქონა ბიოფსიის დროს ტრავმული რეაქცია იყო [და არა ფიზიოლოგიური პრობლემა]. 

    ერთმა ექიმმა წინა-მენოპაუზის მდგომარეობის დიაგნოზი დაუსვა და ტესტოსტერონის კრემი დაუნიშნა. მეორემ ვაგინის გაახალგაზრდავების პროცედურის ჩატარება ურჩია. 

    როცა ჯილიანს საუბარი კლიტორისკენ მიჰყავდა, ცარიელი სახეები ხვდებოდა. 

    “ისე მიყურებდნენ, როგორც სრულ გიჟს,” - ამბობს ჯილიანი. “სულ ვიმეორებდი, რომ ჩემს კლიტორს რაღაც სჭირს. ისინი კი ყველაფერზე ლაპარაკობდნენ და ფიქრობდნენ, კლიტორის გარდა.”

    ზოგი უროლოგი ვულვას “შუააღმოსავლეთის პატარა ქალაქს ადარებს,” ამბობს ექიმი ირვინ გოლდშტეინი, თვითონაც უროლოგი, რომელიც სექსუალური მედიცინის პიონერია. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოსკენ მიმავალ გზაზე, ექიმები ვულვას გულგრილად ჩაუვლიან ხოლმე. საშვილოსნო და მისი ყელია მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი: მათზე ხდება ულტრაბგერითი გამოვკლევები, პაპ ტესტი, ნაყოფიერების კონტროლი, იქიდან იბადება ბავშვი.  

    თუკი ვულვა პატარა ქალაქია, კლიტორი ადგილობრივი ბარია, გზის გადაღმა მდგარი. მასზე ბევრი არავინ არაფერი იცის. არავინ არაფრად აგდებს. ყველა გზას უხვევს.

    “ყველა აბუჩად იგდებს,” - ამბობს ექიმი რეიჩელ რუბინი, უროლოგი და სექსუალური განათლების ექსპერტი. “არ არსებობს სამედიცინო თემი, რომელსაც ამ თემის კვლევა, მართვა და დიაგნოსტირება აეღო ინიციატივად და პასუხისმგებლობად.”

    კითხვაზე, თუ რა ისწავლა სამედიცინო სკოლებში კლიტორზე, ექიმმა რუბინმა უპასუხა, “არაფერი ისეთი, რაც დამამახსოვრდებოდა. ვინმე ოდესმე თუ სადმე ახსენებდა, საუკეთესო შემთხვევაში, ეს იყო მეორეხარიხოვანი ადგილის მიჩენა მისთვის.” 

    წლების შემდეგ, სექსუალური მედიცინის შესწავლის დროს, სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც ექიმ გოლდშტეინთან გაიარა, ისწავლა, თუ როგორ უნდა შეემოწმებინა ვულვა და კლიტორის გარედან ხილული ნაწილები. 

    მთლიანი კლიტორი უფრო რთული და ღრმა სტრუქტურის მქონე ორგანოა, რომელიც, ძირითადად, ერექტილური ქსოვილებისგან შედგება, რომლებიც მენჯამდე აღწევს და ვაგინას გარშემო ერტყმის. 

    დღეს უკვე ექიმი რუბინი საკუთარ თავს ვოშინგტონის მთავარ “კლიტოროლოგს” უწოდებს. ეს ნაწილობრივი ხუმრობა, რა თქმა უნდა, იქიდან მოდის, რომ ბევრს არც უნდა ამ ტიტულისთვის ბრძოლა - სირცხვილის, კლიტორზე ცოდნის ნაკლებობის ან პაციენტების წინაშე საკუთარი თავის პოზიციონირების კუთხით. 

    “ექიმებს უყვართ იმაზე საუბარი, რაც ზუსტად იციან,” - ამბობს ის. “ჩვენ არ მოგვწონს ჩვენი სისუსტეების ჩვენება. ხმამაღლა გვიჭირს იმის თქმა, რომ რაღაც არ ვიცით.”

    უარყოფამდე მისულ გულგრილობას პაციენტებზე აქვს პირდაპირი ცუდი ზეგავლენა. 2018 წელს ჟურნალ Sexual Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ექიმმა რუბინმა და გოლდშტეინმა აღმოაჩინეს, რომ ვულვისა და კლიტორის შეუმოწმებლობის გამო, ხშირად დღის წესრიგს მიღმა რჩებოდა სექსუალური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა. ყოველი ოთხი ქალი პაციენტიდან ერთი ამბობდა, რომ კლიტორის თავზე ანთება ჰქონდა, რაც მაშინ ხდება, როცა კლიტორის ქუდი მისსავე ჯირკვალს ედება და აღიზიანებს, რაც ამცირებს სექსუალურ სიამოვნებას.

    ავტორებმა დაასკვნეს, რომ ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებმა რუტინულად უნდა შეამოწმონ კლიტორი. თქმა უფრო მარტივია, ვიდრე ნათქვამის შესრულება. სერვისის მიმწოდებლების უმეტესობამ “არ იცოდა, როგორ შეემოწმებინა კლიტორი და თავს უხერხულადაც გრძნობდა.”

    ასეთი უგულებელყოფა აზიანებს ქალებს და ტრანს კაცებს, ასევე სხვა გენდერის მქონე ადამიანებს, რომლებსაც ვულვა აქვთ. კლიტორის დაზიანების დოკუმენტირებული შემთხვევები არსებობს ისეთი პროცედურების დროს, როგორებიცაა ოპერაციები მენჯის არეში, ეპიზიოტომიის დროს [საშოს ჩაჭრა], რომელიც ჩვილის დაბადების დროს იკვეთება, ასევე, თითქოს დაუკავშირებელი, ბარძაყის არეშო ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს. 

    ცუდად გაკეთებული ლაბიოპლასტიკის დროს - რომელიც საშოს ბაგეების კორექციის ოპერაციაა და რომლის დროსაც საშოს მცირე ბაგეს აპატარავებენ, და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა მსოფლიოს მასშტაბით - ასევე შესაძლოა გახდეს კლიტორალური ნერვების დაზიანების მიზეზი, რომელიც გენიტალიებში ტკივილსა და შეგრძნებების დამუნჯებას გამოიწვევს. 

    მთელი რიგი ამ დაზიანებების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა, ამბობს ექიმი რუბინი, რომ ექიმებს კლიტორის კვლევისთვის უფრო მეტი დრო დაეთმოთ. ეს მოსაზრება მან იანვარში ხმამაღლა გამოაცხადა ვეტერანი მამაკაცი უროლოგებით სავსე ოთახში, რომელიც კალიფორნიაში გაიმართა და რომელიც ქალების სექსუალურ ჯანმრთელობას ეხებოდა. მისი ლექცია, როგორც პრაქტიკულიც  იყო და ანიმაციურიც, ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ლექციად დასახელდა კონფერენციის ფარგლებში. 

    მისი თქმით, კლიტორის ანატომია არაა მაგია - ეს, უბრალოდ, ბიოლოგიაა. “ეს არ არის უცნაური, მისტიური ადგილი, რომელიც ჩვენი ორგაზმის წყაროა,” - თქვა მან თავის ოფისში როკვილში, პენისის პროთეზების, მენჯის მულაჟებისა და “ჰიტაჩის” ვიბრატორით ხელში. “უნდა იცოდე, რა რა არის და რა საიდან მოდის.”

    და რატომ არაფერი ვიცოდით კლიტორზე ხეირინად აქამდე? 

    ექიმ რეიჩელ რუბინის თქმით, მიზეზი მარტივი ასახსნელია: კლიტორი ქალის ორგანოა და მის სიამოვნებას უკავშირდებოდა. ბოლო პერიოდამდე, ეს თემა არ იყო საინტერესო და პრიორიტეტული სამედიცინო სფეროში და არც არავინ სწავლობდა მას განსაკუთრებით. 

    მაშინ, როცა უროლოგიაში, სადაც კაცის სექსუალური სიამოვნება და ორგაზმი ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა, ქალის სექსუალური ჯანმრთელობა მოიაზრება, როგორც “ისტერია, პანდორას ყუთი, უფრო ფსიქო-სოციალურ იარლიყს აკრავენ და არ განიხილავენ სამეცნიეროდ და ფიზიოლოგიურად,” - ამბობს ექიმი რუბინი, რომელიც ქალთა სექსუალური ჯანმრთელობის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარეა. 

    “ქალის სექსუალურ ჯანმრთელობაზე არ ვფოკუსირდებით.” 

    [კონტრასტისთვის: ვიაგრა ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და გაყიდვადი წამალია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელმაც კომპანია Pfizer-ს ათეულობით მილიარდი დოლარი მოუტანა მისი ჩაშვებიდან - 1998 წლიდან დღემდე.]

    გინეკოლოგია, თავის მხრივ, უფრო დაავადებების პრევენციასა და შვილოსნობაზეა ფოკუსირებული. 

    “სექსს არ განხივილავთ, როგორც სიამოვნების მომნიჭებელს,” - ამბობს ექიმი ფრანცის გრიმშტადი, ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტლის გინეკოლოგი. 

    “გინეკოლოგია პრევენციაზეა დამყარებული. სქესობრივად გადამდები დაავადებებისა და ორსულობის კონტროლს ვცდილობთ, - თუკი ბავშვის ყოლა ქალის სურვილი არ არის [კონკრეტულ შემთხვევაში ან საერთოდ]. სექსუალურ სიამოვნებას დიდ დროს არ ვუთმობთ.”

    ექიმი ჰელენ ო’კონელი, ავტრალიის პირველი ქალი უროლოგი, იხსენებს, რომ როცა სამედიცინო განათლებას იღებდა, განათლების პროცესში კლიტორი მეორეხარისხოვან ყურადღებასაც კი ძლივს იქცევდა. 

    1985 წელს გამოშვებულ სახელძღვანელოში “უკანასკნელი ანატომია” დახატულ ილუსტრაციაში მენჯის განაკვეთის სურათზე კლიტორი საერთოდ გამოტოვებული იყო, და ქალის გენიტალიებზე საუბარი იყო, როგორც “შეცდომით განვითარებულზე” და როგორც მამაკაცის გენიტალიების “არასრულყოფილ” დანამატზე. 

    ამ დროს, პენისის აღწერას მთელი რიგი გვერდები ეძღვნებოდა. 

    ჰელენი თანდათან მიხვდა, რომ რატომ ცდილობდნენ პროსტატის ოპერაციის დროს პენისის ნერვული ქსელის შენარჩუნებას, ხოლო მენჯის არეში მიმდინარე ნებისმიერი ოპერაციის დროს იგივეს არ აკეთებდნენ ქალის შემთხვევაში.  

    ექიმმა ო’კონელმა თვითონ განიზრახა, რომ კლიტორის სრული ანატომია შეესწავლა, მიკროგაკვეთებისა და მაგნიტო-რეზონანსრული ტომოგრაფიის დახმარებით. 

    2005 წელს კი გამოსცა ნაშრომი, რომელიც აჩვენებდა, რომ კლიტორის გვირგვინი - ის ნაწილი, რომლის ნახვა და შეხება გარედან შეიძლება - აისბერგის მხოლოდ მწვერვალია - იგივე, რაც, ვთქვათ, პენისის თავია. მთელი ორგანო უფრო დიდია, და შიგნიდან ფართოვდება - ორი ცრემლის ფორმის დაბოლოებით, ორი განშტოებით და ზედა საფარველით. 

    ექიმი ო-კონელი ყველას აფრთხილებს, რომ ანატომიის ცუდად ცოდნის გამო, ქირურგები ხშირად აზიანებენ  კლიტორის მდებარეობის რეგიონის ნერვულ სისტემას, რომელბიც სიამოვნებასა და ორგაზმზეა პასუხისმგებელი და რომლებიც კლიტორის საფარველის გარდიგარდმო გადის, როგორც რთული სტრუქტურა. 

    მენჯის ბადის არეში მიმდინარე ქირურგიული პროცედურები, ან საშარდე მილის ოპერაცია, “სისტემის დაბომბვის საფრთხეს ჰგავს,” - ამბობს ექიმი ო-კონელი. 

    “ქირურგმა ყოველთვის უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა არის იმის ქვეშ, სადაც ოპერაციასაც აკეთებს, რა არის მიჩქმალული თვალთახედვის არიდან და რას ცვლის ესა თუ ის პროცედურა.” 

    დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება ქალების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ რუტინული პროცედურების დროს მგრძნობიარე ადგილები ზიანდება. ერთ-ერთი მათგანია 44 წლის ჯული, ოფის-მენეჯერი ესექსში, აღმოსავლეთ ლონდონში, რომელმაც ორგაზმის უნარი 2012 წლის ოპერაციის შემდეგ დაკარგა - ოპერაცია მენჯის არეში გაუკეთდა და ზურგის ტკივილის სამკურნალოდ იყო განკუთვნილი. საკუთარი ისტორია მან გასულ წელს, “ტელეგრაფზე” გააზიარა და მხოლოდ სახელი ახსენა, სამომავლოდ დისკტიმინაციისგან თავის არიდების მიზნით.  

    იანვარში, ზუმით ინტერვიუს დროს, ჯულიმ გაიხსენა, რომ ანესთეზიიდან რომ გამოიღვიძა, კლიტორის გარშემო მწვავე ტკივილებს გრძნობდა. ქირურგმა უთხრა, რომ შეგრძნებების გამწვავება ნაკერის შეხორცებას უკავშირდებოდა და მალე გაივლიდა. რამდენიმე თვის შემდეგ, მან აღმოაჩინა, რომ ორგაზმის შეგრძნების უნარი დაკარგა. როდესაც ორგაზმის განცდა ისევ სცადა, შეგრძნება ისეთი იყო, თითქოს “ვიღაცამ შუქის ჩამრთველი ელექტროენერგიის ქსელს გამოაერთა. შეგრძნებები ჩაქრა. ჩაკვდა.” 

    ინტერნეტში ორწლიანი კვლევის შემდეგ, ის მიხვდა, რომ ცილინდრის მსგავმა სამედიცინო საშუალებამ, რომელიც ფეხებს შორის ჩაუდგეს, კლიტორალური ნერვული სისტემა დაუზიანა. ცნობილია, რომ ეს სამედიცინო საშუალება, რომელსაც პერინეალურ პოსტს ეძახიან, აზიანებს კლიტორთან გამავალ ნერვულ სისტემას. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო აღწერილი მის სამედიცინო თანხმობის წერილში, რომელსაც მან ხელი მოაწერა ოპერაციამდე. 

    ჯულიმ ამ შეგრძნებების დაკარგვა ყნოსვისა და გემოს დაკარგვას შეადარა - ის შეგრძნებები, რომლებსაც არ ვაფასებთ, როცა გვაქვს, მაგრამ თუკი დავკარგავთ, ჩვენი ცხოვრება იცვლება. 

    “10 წელი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მჯერა ეს ყველაფერი. ამ შეგრძნების დაკარგვას ვერ ვეგუები,” - აღნიშნა მან ზუმ ინტერვიუში. 

    ჯილიანი ჯერ კიდევ ცდილობს, კლიტორის დაზიანების მიზეზები გაიგოს. 

    რისი ბრალი იყო: ბიოფსიის? იმ მწარე მოჭერის, როგორც გინეკოლოგი შეეხო ბიოფსიის შემდეგ? ოთხი წლისა და 12 სპეციალისტის გამოცვლის შემდეგ, ჯილიანმა იმასთან შეგუება დაიწყო, რომ შესაძლოა, ვერასოდეს შეიგრძნოს ორგაზმი. 

    “ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამ დანაკარგის შევსება ან ჩანაცვლება შეუძლებელია. ვერასოდეს. ვერაფრით.”

     

    ახალი სამედიცინო რუკა 

    როდესაც ექიმმა ბლერ პიტერსმა, 33 წლის პლასტიკურმა ქირურგმა ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტიდან, პირველად დაიწყო ფალოპლასტიკური ოპერაციების ჩატარება ტრანს კაცებსა და არაბინარულ ადამიანებში, აღმოაჩინა, რამდენად ფართოა კლიტორის ნერვული სისტემა - დაახლოებით სამი მილიმეტრი დიამეტრში, საშუალოდ. [შედარებითვის: საჩვენებელი თითის სენსორული ნერვები დაახლოებით ერთი მილიმეტრია დიამეტრში.]

    “როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდით, დიდად არაფერი გვისწავლია კლიტორზე, გარდა იმისა, რომ ის არსებობს,” - ამბობს ექიმი პიტერსი. ამის გამო, ის ამბობს, რომ “ქვეცნობიერი ცრურწმენა განუვითარდა, რომ სტრუქტურულად განსაკუთრებული არაფერი იქნება. საწინააღმდეგო აღმოჩნდა - არის, რა თქმა უნდა, და ძალიან დიდი რამეა.”

    ექიმი პიტერსი და მისი მსგავსი, სოციალურ მედიაში პოპულარული ექიმები, როგორიცაა ექიმი რუბინიც, მედიცინის საზღვრებს აფართოებენ, და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებენ. 

    ამის საბოლოო მიზანი ისაა, რომ მომავალში არავის დაემართოს იგივე, რაც ჯილიანსა და ჯულის დაემართათ. ექიმი პიტერსი ცდილობს, ისეთ პაციენტებს დაეხმაროს შეგრძნებების განახლებაში, რომლებმაც პენისზე გაიკეთეს ოპერაცია [სხვადასხვა მიზნით და მიზეზით] და პენილური შეგრძნებები დაეკარგათ. 

    ექიმმა პიტერსმა ახლახანს შეხედა კლიტორს გამადიდებელი საშუალებებით და დაითვალა, რამდენ ნერვულ ბოჭკოს შეიცავდა ის.  

    კონკრეტული მაჩვენებელი - რომელიც საიდუმლოა იქამდე, ვიდრე ის კონფერენციაზე არ წარადგენს თავისი კვლევის შედეგებს ამ თვის ბოლოს, - “ბევრად მეტია”, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი -  ძველი მაჩვენებელი 8 000 [ნერვული ბოჭკო] იყო, რომელიც ყველგან იყო ციტირებული და რომელიც ძროხებზე ჩატარებული ძველი კვლევით გამოჩნდა. 

    2020 წელს, ვიქტორია გორდონმა, სამედიცინოს სტუდენტმა კანზასის უნივერსიტეტის სამედიცინო და ბიომეცნიერებების დარგში, კვლევას უხელმძღვანელა, რომლის მიზანი იყო დაედგინა “საშიში ზონა” კლიტორის გარშემო, რომელსაც სამომავლოდ პლასტიკური ქირურგები უნდა მორიდებოდნენ. გარდაცვლილების გაკვეთის დროს მან აღმოაჩინა, რომ რომ ზოგჯერ კლიტორის ნერვულ სისტემას ფესვები ღრმად აქვს გადგმული და საკმაოდ შორს ვრცელდება, რაც შესაძლოა, ქირურგებს გამოადგეთ, - ოპერაციის დროს სიფრთხილის მიზნით, რადგან აქამდე ეს არ იყო აღწერილი ლიტერატურაში. 

    მას იმედი ჰქონდა, რომ პლასტიკური ქირურგები აჰყვებოდნენ მის აღმოჩენას - მისი მიგნებები პლასტიკური ქირურგიის შესახებ ჟურნალში დაიბეჭდა. 

    “მე მხოლოდ მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. არ მგონია, რომ მარტომ უნდა ვზიდო ეს ტვირთი,” - თქვა მან 2021 წელს. “ მაგრამ დიდად არავინ ინტერესდება ამ საკითხით.”

    ექიმები არ არიან ერთადერთი, რომლებიც სამედიცინო სფეროს კლიტორის სრული ანატომიის აღიარებისა და შესწავლისკენ მოუწოდებენ. 2018 წელს, ჯილიანი ონლაინ ეძებდა ინფორმაციას და ცდილობდა იმის გაგებას, თუ რა მოუვიდა მის კლიტორს. ამ დროს, “მედიუმის” პოსტი წაიკითხა, სადაც ქალი, სახელაც ჯესიკა პინი, პოსტებს წერდა. მისი ისტორიაც ჯილიანის ამბავს უცნაურად ზუსტად ჰგავდა. 

    მეანო-გინეკოლოგიური სახელმძღვანელოების შესწავლის შემდეგ, მის პინი მიხვდა, რომ კლიტორის ნერვები არათუ კარგად შესწავლილი არ იყო, სახელმძღვანელოებში მას საერთოდ არც ეთმობოდა ყურადღება - სწორედ ამის გამო იყო, რომ ქირურგიული პროცედურების დროს ის სულ იგნორირებული იყო. ექირურგები სიფრთხილეს არ იჩენდნენ ოპერაციის დროს და კლიტორი ხშირად ზიანდებოდა. 

    “ეს “მიჩქმალვა” სოციო-კულტურული დისკომფორტითაც იყო გამოწვეული, რომელიც კლიტორს უკავშირდება და რომელიც ქალის სექსუალური სიამოვნების არაპრიორიტეტულობაზე მიუთითებს,” - დაწერა მან “მედიუმის” პოსტში. 

    ჯილიანი დაინტერესდა ამ პოსტით. “ლამის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ინტერნეტით ამაზე ლაპარაკობდა,” - თქვა მან. 

    და ამ ქალს ფეისბუქის მესენჯერით მესიჯი გაუგზავნა.

    ჯესიკა პინმა სოციალური მედია კამპანია წამოიწყო და მეანებისა და გინეკოლოგების სახელმძღვანელო წიგნებში სტანდარტების გაუმჯობესება მოითხოვა. ჯილიანი მას მიმდევრების მოძიებაში ეხმარებოდა, შემდეგ კი თვითონაც გახსნა ინსტაგრამის ანგარიში სახელად @nursevulvaadvocate. იქ ასობით ადამიანის წერილს იღებდა მთელი მსოფლიოდან. ქალები წერდნენ, რომ ამა თუ იმ სამედიცინო პროცედურის დროს კლიტორზე ან მის გარშემო მგრძნობელობა სრულად დაკარგეს. 

    ჯილიანი ცდილობდა ყველასთვის ეპასუხა. ვერ სთავაზობდა სამედიცინო რჩევას, მაგრამ თხოვნების რაოდენობას ვერ აუდიოდა. ამიტომ, დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, თავისი “თვითერის” ანგარიში წაშალა.  

    დღეს მისი დახმარების მასშტაბები უფრო ლოკალურია: ამჟამად ექიმების ოფისებში საკუთარი მანქანით დადის და კლიტორის ანატომიის შესახებ პოსტერებს ურიგებს. უფროსი ასაკის პაციენტებში კი ყურადღებას აქცევს ნებისმიერ პრობლემას, რომელიც გენიტალიებს უკავშირდება, მათ შორის, ვულვის ქავილს და ტკივილს სიმსივნური ქირურგიის შემდეგ.

    არც მის პინი ნებდება. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სახელმძღვანელოსა თუ ანატომიური რესურსების ლობირებას ეწეოდა, კლიტორის დიაგრამებზე და მის ნერვულ სისტემაზე ინფორმაციის მოგროვების კუთხით. მისმა მცდელობამ არ დააყოვნა და Reddit-ს წინა გვერდზე მოხვდა, ტიკ-ტოკზე 160 000 ფოლოვერი მოაგროვა და ბოლოს ტრევორ ნოას დღის შოუშიც გამოჩნდა. 2019 წელს ის სპეციალური ექსპერიმენტის თანაავტორიც იყო, რომლის დროსაც თავის მამასთან ერთად, რომელიც პლასტიკური ქირურგია, კლიტორალური ნერვები გაკვეთეს.

    ცნობიერების ამაღლების კუთხით მისი ტაქტიკები არაა სწორხაზოვანი და ერთმნიშვნელოვანი. სოციალურ მედიაში კომუნიკაციის მისი სტრატეგიები არაერთი დისკუსიის საგანი გახდარა, სადაც  შევიწროებასა და გინეკოლოგებისა და გინეკოლოგიური სახელმღვანელოების ავტორების დევნაში  დაადანაშაულეს.  

    ახლა კი, ამდენი წლის ადვოკატირების შემდეგ, “მინდა, ეს საქმე დავასრულო,” თქვა მან. “კარგი იქნება, თუ ექიმებიც აიღებენ ინიციატივას და ამაზე დაიწყებენ საუბარს.” რამდენიმე მედიკოსი რომ ამას აკეთებს, მათ შორის, ექიმი რუბინი, ეს ძალიან კარგია, თქვა მან.

    ყოველი პაციენტი, რომელიც ექიმ რუბინის ოთახში შედის, ასაკის მიუხედავად, ეცნობა ინფორმაციას საკუთარი ვულვის შესახებ. ქალებს გინეკოლოგიურ მაგიდაზე აყვანის დროს თეთრ ნაჭერს არ აფარებენ - რომლის მიზანი იყო მისი ერთ დროს “სასირცხვოდ” მიჩნეული ნაწილების დაფარვა. ამის ნაცვლად, ექიმი რუბინი პაციენტს გრძელჯოხიან სარკეს აწვდის, რომლის საშუალებით პაციენტს თავადაც შეუძლია ნახოს ის ნაწილები, რასაც ექიმი ამოწმებს და პროცესის თანამონაწილე გახდეს. 

    შემოწმების ფარგლებში, ექიმი რუბინი ვულვას ორივე მხარეს ამოწმებს მგრძნობელობისა და ტკივილის მიმართ, მიუთითებს რა მცირე და დიდ ლაბიასა და ვაგინის შესასვლელზე, ხოლო პაციენტი ამ ყველაფერს სარკიდან ადევნებს თვალ-ყურს. მთელი ეს შემოწმების პროცესი ხუთი წუთი გრძელდება. “ჩვენ თქვენ აგეწყობით,” - უთხრა მან 62 წლის ქალს, რომელსაც სექსის დროს ტკივილი ჰქონდა. “აქ შენ წარმართავ შენს შოუს.”

    ექიმ რუბინსა და მისი კოლეგებს სჯერათ, რომ მათი სამუშაო წინ წამოსწევს კლიტორისა და ქალის სიამოვნების საკითხებს და სათანადო ყურადღებას მიიქცევს. ბოლოსდაბოლოს, ექიმ ბარბარა ჩუბაკისა არ იყოს, რომელიც უროლოგია ნიუ იორკის მაუნთ საინაის კლინიკების ქსელის იკანის სამედიცინო სკოლაში, “უროლოგების საქმე ფალოსია” - რომელიც ტექნიკურად კლიტორიცაა, რადგან ისიც იმავე ემბრიონული სტრუქტურისგან შედგება და ისეთივე ერექციული ქსოვილებისაგან არის ნაშენები, როგორც პენისი.

    “ასე რომ, ამავე დეფიცინიით, კლიტორის ანატომიაც უროლოგების შესწავლის საგანი უნდა იყოს,” - ამბობს ექიმი რუბინი. 

    უროლოგები პოეტურად საუბრობენ იმაზე, რაზეც სხვები უხერხულად იშმუშნებიან. “უროლოგია მოშარდვასა და სექსს ეხება.” ამბობს ექიმი ჩუბაკი. “კლიტორალური მედიცინა კი უროლოგების თემაცაა.”

    მაინც, ამ ყველაფრის შეცვლას “პენისის ექიმებზე” - მამაკაც უროლოგებზე - მეტი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ვულვას სათანადო ყურადღება მივაქციოთ. საჭიროა შეთანხმებული მოქმედება, რომ მედიცინის სფეროს მუშაკები გაერთიანდნენ, რომ ანატომიის რუკაზე მეტი წარმოდგენა შეიქმნას.  ეს რომ მოხდეს, სხვა სფეროს წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ ქალის სექსუალური სიამოვნება, როგორც აუცილებელი და საჭირო რამ. 

    “სამწუხაროდ, მგონია, რომ ქალებთან დაკავშირებულ თემებზე, სულ მცირე, ერთი დეკადით უკან ვართ,” - ამბობს ექიმი რუბინი. “მაგრამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. და ხალხიც დავაინტერესოთ ამით.”

     

     

    ⇒ მასალა ადაპტირდა სტატიიდან  Half the World Has a Clitoris. Why Don’t Doctors Study It?

     პროექტის "ორგაზმზე სამეცნიერო მონაცემების გავრცელება & ცნობიერების ამაღლება" იდეური და ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში."