2024-06-13

  • გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამინდის პროგნოზზე პოსტი დაარედაქტირა
  • ფოტო მთავარზე © კარლო ამირგულაშვილი 
     
     
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორმა გუშინ, 12 ივნისს, ამინდის პროგნოზის შესახებ პოსტი დაარედაქტირა.
     
    თავდაპირველ პოსტში, რომელიც 12 ივნისის 17:24 წუთზე გამოქვეყნდა სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე, სეტყვა იყო ნახსენები, როგორც საფრთხე, ხოლო ლოკაცია - დედაქალაქი თბილისი, მაგრამ არ იყო ნახსენები კახეთი, სადაც მოგვიანებით მოხდა სეტყვა.
     
     
    სქრინი © " Cactus | კაქტუსი" 
     
     
    12 ივნისის 18:51 საათზე, პოსტი გამოაქვეყნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმაც, ფოტოების თანხლებით, სადაც ჩანდა სეტყვისგან დაყრილი, დაახლოებით 3-4 სანტიმეტრი, სფერული ფორმის ყინულები.
     
     
    ფოტო © კარლო ამირგულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
     
     
    "ასეთი სეტყვა არ მახსოვს, ისე გადაუარა ამ ზომის ყინულმა სოფლებს", - დაწერა კარლომ ფეისბუქის საკუთარ ანგარიშზე, იყალთოდან [თელავის მუნიციპალიტეტი]. 
     
    თელავის მუნიციპალიტეტში აგრომეტეოროლოგიური სადგური არ დგას. 
     
     

    დარედაქტირებული პოსტი 

     
    12 ივნისის 19:17-ზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორმა მოკლე და ზოგადი პოსტი ამინდის პროგნოზზე დაარედაქტირა და კახეთი დაამატა, როგორც სეტყვის, ასევე წყალმოვარდნებისა და მეწყერ-ღვარცოფის საფრთხის ზონა.
     
    "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 12 ივნისს, საღამოს თელავის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი - რუისპირი, იყალთო და ვარდისუბანი - დაისეტყვა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და მნიშვნელოვნად დააზიანა ვენახები, ხილის ბაღები, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები.
     
     

    სად დგას აგრომეტეოროლოგიური სადგურები საქართველოში?

     
    ეს ის რეგიონებია საქართველოში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით მოჰყავთ ხილი, ბოსტნეული და ყურძენი.
     
    აგრომეტეოროლოგიური სადგური არის ინფრასტრუქტურა, რომელიც სისტემატურად აკვირდება ამინდს და აღნუსხავს მის ზეგავლენას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. 
     
    აგრომეტეოროლოგიურ სადგურში მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს ატარებენ ყველა ჰიდრომეტეოლოგიური სადგურებისათვის დადგენილი საერთო პროგრამით, ზომავენ ნიადაგის ტენიანობას, ტემპერატურას, მზის რადიაციას, ქარის სიჩქარეს, ჰაერის ტენიანობასა და ტემპერატურას, აკვირდებიან სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობას, განსაზღვრავენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სახეებსა და მათი ჩატარების ვადებს. 
     
    გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომელიც სააგენტომ "კაქტუსს" მიმდინარე წლის 19 მარტს გაუზიარა, საქართველოში შვიდი [7] აგრომეტეოროლოგიური სადგური დგას, მათ შორის, ერთი კახეთში, დანარჩენი კი - შიდა ქართლში. 
     
    კახეთის რეგიონიდან - მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ხოლო შიდა ქართლის რეგიონიდან - ქარელში, სკრაში, შინდისში, ქიწნისში, ზერტსა და ქვემო შაქშაქეთში [ფცა].