2023-10-17

  • F.D.A. ფორმალდეჰიდის შემცველი თმის გასასწორებელი საშუალებების აკრძალვას გეგმავს
  • ა.შ.შ.-ის სურსათისა და წამლის მარეგულირებელი F.D.A. თმის ისეთ გამასწორებელი საშუალებების აკრძალვას აპირებს, რომლებიც ფორმალდეჰიდს შეიცავს.

    სილამაზის ბიზნესის ბაზარზე უკვე ათ წელზე მეტია, რაც ფორმალდეჰიდის შემცველი პროდუქტები არსებობს. ახლა უკვე თვით ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც კი დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მათი პროდუქტი საშიშია ჯანმრთელობისთვის. 

    ფორმალდეჰიდის შემცველი თმის გასასწორებელი საშუალებების ხშირი გამოყენება საშვილოსნოს სიმსივნის გაჩენის მომატებულ რისკებთან არის დაკავშირებული. ქალები, რომლებიც მათ ხშირად იყენებენ, ორჯერ უფრო მეტად არიან ამ ტიპის სიმსივნის გაჩენის რისკის ქვეშ, ვიდრე ისინი, რომლებიც ამ ქიმიკატს არ იყენებენ. 

    სხვა კვლევების მიხედვით, თმის გამასწორებლები ძუძუსა და საშვილოსნოს სიმსივნეების გაჩენის მომატებულ რისკებთან დაკავშირდა. ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მეცნიერების განცხადებით, ფორმალდეჰიდი კარცინოგენად შვიდი წლის წინ გამოცხადდა და F.D.A.-ის იურისტებმა შესაბამისი კანონის შექმნის პროცესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს. 

    სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ფორმალდეჰიდთან, მიელოიდური ლეიკემიისა და სხვა იშვიათი ტიპის სიმსივნეების გაჩენის უფრო მომატებული რისკები აქვთ. 

    F.D.A.-ის გაფრთხილებით, უცაბედი სიმპტომებია თვალებისა და ყელის გაღიზიანება, ხველა, ხიხინი და ტკივილი მკერდის არეში. ქრონიკულ და ხანგრძლივვადიან  პრობლემებს შორის არის თავის ხშირი ტკივილი, ასთმა, კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები. 

    თმის დამუშავების სხვა საშუალებები, მათ შორის, ე.წ. კერატინი, ინდუსტრიის წარმომადგენლების მოსაზრებით უსაფრთხოა და არ შეიცავს ფორმალდეჰიდს, მაგრამ კერატინი ხშირად შეიცავს ეთილენ-გლიკოლს, რომელიც ატმოსფერულ ჰაერთან რეაქციის შემდეგ, ფორმალდეჰიდად გადაიქცევა.

    F.D.A.-ის აქამდეც ჰქონდა შესაძლებლობა, აეკრძალა ფორმალდეჰიდი. ადმინისტრაციამ აქამდე აკრძალა თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც შეიცავდა სხვა საშიშ ნივთიერებებს, მათ შორის, ვერცხლისწყალს.