2022-07-29

  • ორსულობისა და ბავშვის გაჩენის გავლენა ახალგაზრდა გოგონას სხეულზე
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 წლის გოგონას აბორტის შემთხვევამ დებატები გამოიწვია. ექიმები ისეთ ქვეყნებზე ალაპარაკდნენ, სადაც ძალიან ახალგაზრდა გოგონებში შვილის ყოლა ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს სასტიკი რეალობა კი მათ სხეულს და ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

    ოჰაიოში მცხოვრებ გოგონას რამდენიმე შტატის გადაკვეთა მოუხდა, რომ აბორტის სერვისი მიეღო. ამან ეროვნულ დონეზე მიიქცია ყურადღება, ზოგმა აბორტის მომხრემ კი თქვა, რომ სჯობდა, გოგონას ორსულობა არ შეეწყვიტა და სრულ დრომდე მიეყვანა.

    ექიმები და მედდები, რომლებიც ისეთ ქვეყნებში მუშაობენ, სადაც ახალგაზრდა გოგონებში მშობიარობის მაჩვენებელი მაღალია, ამბობენ, რომ რეალურად, ეს ჯოჯოხეთური ტვირთია: ატაროს ბავშვის სხეულმა მეორე ბავშვი, შემდეგ კი გააჩინოს. 

    “ახალგაზრდა სხეული არაა მზად ბავშვის გაჩენისთვის და ეს ძალიან ტრავმულია,” - ამბობს მარი ბას გომესი, რომელიც მედდაა გამბიის კლინიკაში. 

    ექიმი აშოკ დაიალჩანდი, რომელიც 40 წელზე მეტია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მუშაობს, სადაც ახალგაზრდა გოგონების ორსულობა ხშირია, ფიქრობს, რომ მთავარი საკითხი და პრობლემა მაინც ისაა, რომ ახალგაზრდა გოგონას მენჯი ძალიან ვიწროა იმისთვის, რომ სტანდარტულზე პატარა ზომის ნაყოფიც კი გაატაროს. 

    “გოგონები დიდხანს მშობიარობენ, ნაყოფი საშარდე ბუშტისა და საშარდე სისტემის ტერიტორიისკენ მიემართება,” რაც ზოგჯერ მენჯის ინფექციურ დაავადებებს იწვევს. ქსოვილები ზიანდება ვაგინასა და საშარდე ბუშტში, ამბობს დაიალჩანდი, რომელიც ჯანმრთელობის მენეჯმენტის ინსტიტუტ Pachod-ს ხელძღვანელობს. ეს ინსტიტუტი ცენტრალურ ინდოეთში შესაბამისი საჭიროებების მქონე, გარიყულ და ნაკლები რესურსების მქონე მოქალაქეებს ეხმარება. 

    “მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა 15 წელს ქვემოთ გოგონებისთვის,” - თქვა მან. “გართულებები და სიკვდილიანობა უფრო მაღალია 15 წელს ქვემოთ გოგონებისთვის, ვიდრე 16 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფისთვის, და ნაკლები 19 წლის გოგონებში, თუმცა 16-სა და 19 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე 20 წლის ზემოთ გოგონებში.”

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღრიცხვით, გლობალურად ორსულობასა და ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მაღალია და სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია 15-19 წლის გოგონებს შორის.

    ახალგაზრდა დედობა დაკავშირებულია დედის ანემიასთან, ინფექციებთან, ეკლამფსიასა და პრე-ეკლამფსიასთან, სასწრაფო საკეისრო კვეთასა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან, ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ  Neonatal-Perinatal Medicine-ში. 

    ექიმი ვილიბალდ ზეკი, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალგაზრდა დედებისა და ჩვილების ჯანმრთელობის კოორდინატორი იყო, და რომელიც ხშირად დახმარებია ახალგაზრდა გოგონებს მშობიარობაში, ტანზანიაში გინეკოლოგად მუშაობის დროს, შემდეგ კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებს ხელმძღვანელობდა ნეპალსა და ფილიპინებში, ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგონების ბავშვები დროზე ადრე იბადებიან და ზომითაც პატარები არიან. 

    ექიმ შერშაჰ ზეიდი გინეკოლოგი და დედათა სიკვდილიანობის ექსპერტია პაკისტანში და რეგულარულად ზრუნავს ორსულ გოგონებზე 11 წელს ქვემოთ. ის ამბობს, რომ კარგი მომსახურების შემთხვევაში, ექიმმა გოგონას უნდა აარიდოს ნაპრალის განვითარება, როემლიც ჩნდება საშარდე ბუშტსა და სწორ ნაწლავს ან ვაგინას შორის, - მას ფისტულას ეძახიან - და რომლის გამოც ხდება უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რომელიც არა მხოლოდ მტკივნეულია [რადგან გაჟონილი შარდი ჭრილობაზე წვას იწვევს], მაგრამ ასევე დიდი სირცხვილისა და დამცირების საგანი შეიძლება გახდეს. 

    თუმცა, მისივე თქმით, ძალიან კარგი ზრუნვის შემთხვევაშიც კი, რთულია ჰიპერტენზიისა და საშარდე ტრაქტის ინფექციების თავიდან არიდება, რომელიც ძალიან ხშირია ახალგაზრდა დედათა შორის. 

    “10 წლის ბავშვის ფიზიოლოგია არაა მზად ორსულობისთვის. ამ დროს ის თვითონ არის ბავშვი და ვერ გააჩენს მეორე ბავშვს, ამისთვის არაა მზად,” - ამბობს ექიმი ზეიდი და ამატებს: “განუზომელია ის ფსიქიკური ტანჯვა, რასაც ახალგაზრდა დედა გადის.”

    აღწერილ შემთხვევებში, ზეიდის თქმით, ადრეული ორსულობა დედას ართმევს ფიზიკურად განვითარების შესაძლებლობას. ბევრი გოგო სკოლას ტოვებს და თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს აკლდება. ანემიურ დედას ნაყოფი აუცილებელ ელემეტებს ართმევს და ზრდას განაგრძობს იქამდე, როცა მიაღწევს უფრო დიდ ზომას, ვიდრე დედის მენჯს მისი ფიზიკურად გატარება შეუძლია. 

    “ახალგაზრდა გოგონები სამი, ოთხი, ხუთი დღე მშობიარობენ და ბოლოსდაბოლოს, როცა ეს პროცესი მთავრდება, ნაყოფი უკვე მკვდარია. და როცა ჩვილის თავი მძიმდება, იქ ქვემოთ მოდის და იბადება,” - ამბობს ექიმი ზეიდი, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტია სამხრეთ აზიაში, რომელიც ობსტეტრიულ ფისტულას მკურნალობს, რაც გახანგრძლივებული მშობიარობის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა. 

    თითქმის ყველა ასეთი შემთხვევის დროს, გოგონას ვასიკოვაგინალური ფისტულა უვითარდება, რომელიც საშარდე ბუშტის კედლებსა და ვაგინას შორის გაჩენილი სიცარიელეა. შემთხვევევის მესამედში, გახანგრძლივებული მშობიარობის დროს სწორი ნაწლავის ფისტულაც ჩნდება, რის შედეგადაც გოგონა მუდმივად უნებლიედ შარდავს და ხდება დეფეკაციაც.

    გოგონებს, რომლებიც იგებენ, რომ ფისტულის მკურნალობა შეიძლება და კლინიკას აკითხავენ, ექიმი ზეიდი ეუბნება, რომ მას შეუძლია ამ მდგომარეობების გამოსწორება. მაგრამ ეს პროცესი ხანგრძლივვადიან მკურნალობას მოითხოვს: შარდის ბუშტის ფისტულის მკურნალობას დაახლოებით 5 კვირა სჭირდება, ხოლო სწორი ნაწლავის ფისტულისას - ოთხი-ხუთი თვე.

    ექიმმა აშოკ დაიალჩანდმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კარიერა 1978 წელს, ინდოეთის დასავლეთით, მაჰარაშტრაში, დაიწყო. მუშაობის პირველ კვირას, მის თვალწინ ორი გოგონა გარდაიცვალა სისხლდენით - ერთი მშობიარობის დროს, ხოლო მეორე - ჰოსპიტალში შესვლამდე. ამის შემდეგ მან ღარიბ თემში დაიწყო მუშაობა და მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ქორწინების ასაკი გადაედოთ და კონტრაცეფციის ცნებაც შემოსულიყო კულტურაში. 

    მისი თქმით, ჩატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო: ინდოეთი პროგრესულად ზრდის აბორტებზე ხელმისაწვდომობას. აბორტი ინდოეთში 24 კვირამდე არის შესაძლებელი. 

    ექიმ ბას გომეზის თქმით, რომელიც გამბიაში მუშაობს, მისი კლინიკა კარგ მომსახურებას სთავაზობს ორსულ ახალგაზრდა გოგონებს, მაგრამ ტრავმის კვალი მაინც ძალიან დიდია და კარგი ტექნიკური მომსახურება ამას ვერ აბალანსებს. 

    მისი კლინიკა მოზრდილების მომსახურებისთვის არის შექმნილი. 

    “მაგრამ როცა ორსული ბავშვი შემოდის, ეს ნამდვილად ძალიან მატრავმატიზებელია მისთვის. სამშობიარო კლინიკა არ არის მისთვის კომფორტული გარემო, ეს მოზრდილების ინფრასტრუქტურაა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ გოგონები იტანჯებიან. დიდი სირცხვილი და ღირსების შემლახველი გამოცდილებაა ეს მათთვის.”

     

     
     
    ♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან → What Pregnancy and Childbirth Do to the Bodies of Young Girls