2022-08-06

  • შეყვარებული თავის ტვინი
  • შედარებით ახალი სფერო, რომელსაც დარგის სპეციალისტები ინტერპერსონალურ ნეირობიოლოგიას უწოდებენ, ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენიდან იღებს საფუძველს: თავის ტვინი მუდმივად - ჩვენი ყოველდღიური ქცევების მიხედვით - იცვლება. საბოლოოდ, რასაც ყველაზე დიდ დროს ვუთმობთ, სად, ვისთან და როგორ ვატარებთ დროს, ახდენს ჩვენზე ყველაზე დიდ ზემოქმედებას, გვცვლის ძირეულად.

    თავის ტვინზე ყველა ახალი ურთიერთობა ზემოქმედებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელთანაც ზოგიერთი გამოგვდის, ზოგში შეცდომებს ვუშვებთ, აყალიბებს ჩვენს მეხსიერებას, ემოციებსა და ყველაზე მნიშვნელოვან საბოლოო სუვენირს - ჩვენს თავს.

    ყველა მნიშვნელოვანი ურთიერთობა შფოთით იწყება. ჩვილის ამქვეყნად მოვლინებისთანავე ტვინი აქამდე უცნობ ნევროლოგიურ თავგადასავალს იწყებს. დედის მყუდრო საშვილოსნოდან ახალშობილი ნათელ, გუგუნა, ელვარე სამყაროში ხვდება, უცნაურ ობიექტებს, ახალ სახეებსა და ჩრდილებს ხედავს; ყველაზე მეტ ყურადღებას კი იმას აქცევს, ვინც დღედაღამ თავზე დასტრიალებს - დედას.

    თავის ტვინის ნეიროვიზუალური კვლევა აჩვენებს, რომ დედისა და ჩვილის ტვინის მუშაობა სინქრონულია, ცვლილებები პარალელურად მიმდინარეობს. თუმცა, ტვინის დათვალიერება სრულად ვერ ასახავს იმ შინაგან ერთობას, რომელიც წყვილში არსებობს და ცალკე არც ერთ მხარეს არ ეკუთვნის; ვერ აჩვენებს იმ აღრევას, რომლის დროსაც ‘მე’ არ არსებობს და თუ არსებობს, მნიშვნელობა არ აქვს - მეორე ნახევრისკენ ლტოლვის ძალა თვითიდენტობაზე ძლიერია.  სიტყვების გარეშე, გულის ხმას აყოლილი დედა იმას ამბობს, რისი გაგონებაც ჩვილს უნდა; ყველაზე საყვარელ არსებასთან თვალებით, მიმიკებითა და ხმით ამყარებს კომუნიკაციას.

    ტვინის ვიზუალიზაციის შედეგად უკვე სამკარისი მტკიცებულებები არსებობს იმის სათქმელად, რომ  პირველი ახლობელი ადამიანები სამუდამოდ იბეჭდება ბავშვის ტვინში.  შემდგომი ცხოვრებისეული ქცევები, ფიქრები, საკუთარი თავის აღქმა და საყვარელი ადამიანების არჩევა სწორედ ამ დროიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს ეყრდნობა.

    აქამდე სხვანაირად გვეგონა. არსებობდა მოსაზრება, რომ პირველადი მემკვიდრეობა გადამწყვეტია, რომ ბავშვის ‘ფსიქიკური რუკა’ ადრევე დგება და მას შემდეგ, ადამიანის ტვინი, ასე თუ ისე, ჩამოყალიბებული და საბოლოო ვერსიასთან მიახლოებულია.

    მაგრამ ბოლო დროს ტვინზე ჩატარებული კვლევები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ნევროლოგიური ალქიმია მთელი ცხოვრება გრძელდება და აქტიურად იცვლება მას მერეც, რაც ზრდასრულები ვხდებით, ვიძენთ მეგობრებს, ახალ-ახალ ურთიერთობებში ვერთვებით, ვნებდებით რომანტიკულ სიყვარულს, მეგობრებისა და პარტნიორების სახით ყველაზე ახლობელ ადამიანებს ვირჩევთ და მათთან ვატარებთ ყველაზე დიდ დროს.  სხეულს არაცნობიერად ახსოვს დედასთან ერთობა; ტვინი ჩვილობის მოდელის ახალ ვერსიას გამუდმებით ეძებს.

    როგორც სოციალური მაიმუნების სახეობა, ჩვენ  ყველა მნიშნელოვან ურთიერთობას ავირეკლავთ, იქნება ეს ქმართან, ცოლთან, ახლო მეგობართან თუ შვილთან. გასულ კვირას კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, დენიელ სიგელმა და ალან შორმა უახლესი და რევოლუციური კვლევები უნივერსიტეტის კამპუსში წარადგინეს.

    ნეიროფსიქიატრი სიგელი ამბობს, რომ ჩვენ ჩვილობიდან გვახსოვს შეგრძნება, როცა ‘ვიღაცა ჩვენ გვგრძნობს’ და სწორედ მსგავს შეგრძნებას ვეძებთ მოგვიანებით სიყვარულში; სხეულების ერთიანობა-გაცვლა კი ტვინის არქიტექტურასა და ფუნქციებს ცვლის.

    რამდენად მოქმედებს ეს ყველაფერი ადამიანის ფიზიკურ კეთილდღეობაზე? პროფესორი სიგელი ამბობს, რომ “სამეცნიერო კვლევები დღეგრძელობაზე, კლინიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ამტკიცებს, რომ გრძელვადიანი და საიმედო ურთიერთობები მთელი ცხოვრების მანძილზე დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე.”

    მხარდაჭერა გადამწყვეტია. მხარდაჭერასა და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობები ტვინს ყველაზე მეტად ცვლის.

    დააკვირდით, რამდენ რამეს ვსწავლობთ, როცა ვინმეს ვირჩევთ და მასთან გარკვეულ დროს ვატარებთ.  სუნთქვისშემკვრელ დამოკიდებულებასთან ერთად, რომელიც ერთად ყოფნისას ვითარდება, სამყაროს აღქმას სხვა ადამიანის თვალით ვიწყებთ; იმ სხვის გამო, უარს ვამბობთ ზოგ ცუდ და ზოგ კარგ ჩვევაზე; ახალ იდეებს, რიტუალებს, კერძებს ვსინჯავთ, ახალ გარემოში გადავდივართ; ოჯახსა და მეგობრების წრეს კიდევ ერთ ახალ ადამიანს ვმატებთ; ფიზიკურ, ინტიმურ ურთიერთობასა და სიყვარულს ვქმნით; შედეგად მიზიდულობისა და დამოკიდებულების ჰორმონების ტორნადო გვაწვება - ეს ყველაფერი ტვინს ‘წალეკვას’ უქადის.    

    როცა ორი ინდივიდი წყვილი ხდება, ტვინი ახალი ადამიანის შეთავსებას იწყებს, იდენტობას აფართოებს, ‘მე’ ‘ჩვენ’-ში გადადის და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ადამიანის ძალასა და რესურსებს ითვისებს. ტვინმა ‘იცის,’ ჩვენ ვინ ვართ.  იმუნურმა სისტემამ კი ის იცის, რომ ‘ის მეორე’ ჩვენ არ ვართ, ‘შემოჭრილი’ უცხოა და მასთან დაკავშირებულ დეტალებს მოგონებების სახით ინახავს.

    თუ გრიპი გვაქვს ან ყელი გვტკივა, ამ ყველაფერს საყვარელ ადამიანსაც გადავცემთ; ზუსტად ასე ვუზიარებთ საყვარელ ადამიანს ჩვენი იდენტობის ნაწილს  და რაღაც მომენტებში, საკუთარი იდენტობისგან დაცლილ მოჩვენებებს ვემსგავსებით. ჩვენ არა მხოლოდ ვექცევით საყვარელის ადამიანის კანქვეშ, არამედ, გარკვეული დოზით, ვშთანთქავთ კიდევაც მას.  

    სიყვარული საუკეთესო სკოლაა, მაგრამ გამოცდილების მიღება ძვირი გვიჯდება და სასიყვარულო დავალების შესრულებაც მტკივნეულია. კალიფორნიის უნივერსიტეტის ნევროლოგ ნაომი აიზენბერგერის მიერ ტვინზე ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ როცა ადამიანი სოციალურად გარიყულია, ტვინის ის ნაწილები აქტიურდება, რომლებიც ფიზიკურ ტკივილზეა პასუხისმგებელი. ამიტომაცაა, რომ როდესაც საყვარელი ადამიანი უარგვყოფს,  თითქოს მთელი სხეული გვტკივა, მაგრამ კონკრეტული მტკივანი წერტილი არ არსებობს.

    არ აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე ლაპარაკობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში - სომხურად თუ ჩინურად - ფიზიკურ ტკივილს ადამიანები უნივერსალური ხატით: გაბზარული ან გატეხილი გულით აღნიშნავენ.  ეს მხოლოდ ემოციური სტრესის აღმნიშვნელი არაა. სოციალური ტკივილი ისეთივე უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, როგორც ფიზიოლოგიური დისკომფორტი: მუცლის ტკივილი ან ძვლის გაბზარვა.

    საყვარელი ადამიანის ერთ შეხებასაც კი მაგიური ძალა აქვს: ყველაფერს ცვლის.  ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა ჯეიმზ კოუნმა 2006 წელს ექსპერიმენტი ჩაატარა და ბედნიერ, ერთგულ ურთიერთობაში მყოფ ქალებს მუხლებზე ელექტროშოკი გაუტარა. ტესტის დროს შემოწმდა მათი შფოთვის დონე ელექტროშოკამდე და ტკივილის დონე ელექტროშოკის დროს.

    პირველი ცდის შემდეგ, ქალებს ისევ გაუტარეს ელექტროშოკი, ამჯერად ისე, რომ მათ პარტნიორის ხელი ეჭირათ და მუხლებზე ისევ იმავე სიმძლავრის ელექტროენერგია გაუტარეს. მყარ ურთიერთობაში მყოფი ქალების ნერვული შფოთის დონე ბევრად დაბალი იყო. იმ ქალების შემთხვევაში, ვინც დაულაგებელ, გაურკვეველ ურთიერთობაში იყვნენ, ნერვული დამცავი მექანიზმი თითქმის არ არსებობდა.  

    ჯანსაღ ურთიერთობაში მყოფი პარტნიორის ხელის მოკიდებას სისხლის წნევის დარეგულირება, სტრესის მოხსნა, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ფიზიკური ტკივილის შემსუბუქებაც კი შეუძლია.  პარტნიორები ერთმანეთის ფიზიოლოგიას იზიარებენ და ნერვულ ფუნქციებს ცვლიან.

    ხშირად ყველაფერი არცთუ ისე შენიღბულია: პარტნიორის მიმართ ყურადღება, მისი მოტივების, ტკივილისა და ოცნებების შეცნობა ხშირად პარტნიორის გააზრებული ქცევაა. ძველი ჩვევების გადაგდება მარტივი არაა; ჩვევები ჩვენში ღრმადაა აღბეჭდილი და არაცნობიერი ნერვული რეაქციების სახითაა შემონახული. ტვინის გადასახალისებლად წყვილი  ხშირად პროფესიონალ თერაპევტს მიმართავს, რომ კონფლიქტები დაარეგულიროს და დუეტის ერთიანობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

    სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ბიანკა ასევედომ და არტურ არონმა ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფი წყვილების ტვინები დაათვალიერეს. ექსპერიმენტში მონაწილე წყვილებს, მათივე თქმით, ცდის დროს ჯერ კიდევ ‘სიგიჟემდე’ უყვარდათ ერთმანეთი.

    როდესაც კვლევაში მონაწილეს საყვარელი ადამიანის ფოტოს აჩვენებდნენ,  ტვინის ის ნაწილი აქტიურდებოდა, რომელიც სიამოვნების მიღებაზეა პასუხისმგებელი; იგივე ხდებოდა ახალი შეყვარებულების ტვინშიც (და კოკაინის მომხმარებლებისაში ასევე).

    ახლადშეყვარებულებისა და კოკაინის მომხმარებლებისაგან განსხვავებით, ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფი წყვილების შემოწმების დროს ტვინის ის ნაწილი, რომელიც შიშსა და შფოთზე აგებს პასუხს, ‘მშვიდად’ იყო - არ ‘ენთებოდა.’

    ბედნიერ ქორწინებაში მყოფი წყვილი თავს განებივრებული ბავშვივით გრძნობს. მეორეს ისე აღიქვამს, როგორც ჩვილ, დაუცველ ბავშვს [ამიტომაც წყვილები ხშირად ერთმანეთს ზედმეტსახელად ‘პატარას,’ baby ეძახიან]’;  

    ბავშვი ოჯახის თვალის ჩინია, ხოლო მოზრდილის დედასთან პარალელის გავლება ცნობიერი არაა. სხეულს ძველი სითბო არ ავიწყდება, ტვინი ამ ინფორმაციას კვლავ და კვლავ გადაამუშავებს და სასიყვარულო სცენარების გმირებს ცვლის.    

    ცდებსა და ლაბორატორიებს რომ თავი დავანებოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში? ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილების მთავარი გმირი მე თვითონ ვიყავი.

    ჩემმა 74 წლის ქმარმა, რომელიც პროფესიით მწერალი იყო, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს დამბლა მიიღო და ლაპარაკის უნარი წაერთვა. მხოლოდ ხანდახან ამოილუღლუღებდა ხოლმე ბგერებს - ‘მმმუ’.

    ჩვენი ჰარმონიული დუეტის დაშლა თითქოს გამოვიგლოვე, მაგრამ მწარე რეალობას მაინც ვერაფრით ვეგუებოდი. კომუნიკაციის ახალი ფორმების კვლევა დავიწყე.  ჩემს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად რას არ ვიგონებდი: ჟესტიკულაციებს, პანტომიმას, სახის გამომეტყველებას, იუმორს, თამაშებს, უსიტყვოდ გამოვხატავდი ემპათიასა და სიყვარულს - ამ ყველაფერს ტვინის შესაბამისი ზონა აღბეჭდავს, როგორც უსაფრთხო მიჯაჭვულობას.

    ჩემმა პრინციპულმა მცდელობამ შედეგი გამოიღო. დროთა განმავლობაში, ჩემმა ქმარმა ლაპარაკიც დაიწყო, წიგნების წერასაც მიუბრუნდა და მხედველობაც გაუუმჯობესდა.  

    თავის ტვინი მთელი ცხოვრების მანძილზე, გამოცდილებების კვალდაკვალ, იცვლება; სწორედ რომ სიყვარულზე დაფუძნებულ, სხვადასხვა სახის ურთიერთობებს - პარტნიორებს, შვილებს, ახლო მეგობრებს - მიესწრაფვის ყველა ჩვენგანის სხეული და მათ გვერდით იფურჩქნება ყველაზე მეტად.     

    როდესაც ადამიანი უსაფრთხო, იდილიურ ურთიერთობაშია, თავის ტვინმა "იცის", რომ გვერდით სანდო პარტნიორია და სტრესორებთან საბრძოლველად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ძვირფას რესურსებს არ ხარჯავს. აღქმის მექანიზმები ღიაა, ტვინი ახლის სწავლისკენ არის მიმართული.

    ახლო ურთიერთობებში ადამიანი ყველაზე დაუცველია. ამას გულისტკენები და ტრავმებიც ახლავს თან. ღრმა გრძნობა - კარგად დამთავრდება თუ ცუდად -  წარუშლელ კვალს ტოვებს თავის ტვინზე. ინტიმურ ურთიერთობაში მყოფი გული საყვარელ მეორე ადამიანთან ერთად ყველაფერს ინაწილებს, მათ შორის, თავის ტვინსაც.

     

     

    ♦ სტატია პირველად ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის 2012 წლის 24 მარტის გამოშვებაში გამოქვეყნდა სახელით - Brain on Love.

    ♦ სტატიის ავტორია დაიან აკერმანი, ამერიკელი პოეტი, ესეისტი და მწერალი