2023-10-20

  • ახალი კვლევა: მენსტრუაციასთან დაკავშირებული ცვლილებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში
  • ახალი მონაცემები მიგვანიშნებს, რომ მენსტრუალური ციკლი არა მხოლოდ რეპროდუქციულ ანატომიაზე ზემოქმედებს, არამედ, უშუალოდ მიმდინარეობის პერიოდში, ცვლის თავის ტვინის სტრუქტურასაც.

    სანტა ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერები ელიზაბეთ რაიზორი და ვიქტორია ბაბენკო, მკვლევრების სხვა ჯგუფთან ერთად, 30 ქალს დააკვირდა მენსტურალური ციკლის განმავლობაში. 

    მეცნიერების მიზანი იყო რეპროდუქციული ჰორმონების ცვლილების დროს თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებების აღბეჭდვა.

    კვლევის Menstrual cycle-driven hormone concentrations co-fluctuate with white and grey matter architecture changes across the whole brain შედეგები, რომელიც ახლა გადის peer რევიუს, მაგრამ პრე-პრინტ ვერსია პლატფორმა bioRxiv-ზე უკვე გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ მენსტრუალური ციკლის დროს თავის ტვინში სტრუქტურული ცვლილებები ხდება არა მხოლოდ თავის ტვინის მენსტრუალურ ციკლთან პირდაპირ დაკავშირებულ ზონებში, არამედ თავის ტვინის სხვა  ნაწილებშიც.

    “თავის ტვინში მენსტრუაციის დროს მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ აქამდე კლასიკურად ცნობილი ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-გონადალური ღერძის ცვლილებით არ შემოიფარგლება”, - წერენ მკვლევარი მეცნიერები.

    ადამიანი მენსტრუაციის დაახლოებით 450 ციკლს გადის ცხოვრებაში და შესაბამისად, საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი გავლენა თავის ტვინის სტრუქტურაზე. ამ საკითხს აქამდე მეცნიერები კონცენტრირებულად არ იკვლევდნენ - მონაცემები ამაზე უხვად არ არსებობდა, - საკითხი საკმაო ბუნდოვანებით იყო მოცული.

    რეპროდუქციული ჰორმონული რყევების დროს თავის ტვინის თეთრი ნივთიერების მიკროსტრუქტურა იცვლება. თავის ტვინის ეს ნაწილი ასევე იცვლება გარდამავალ ასაკობრივ პერიოდებში, კონტრაცეფციის მიღებისა და გენდერული ცვლილებების მხარდამჭერი ჰორმონოთერაპიის, ასევე პოსტ-მენოპაუზურად, ჰორმონ ესტროგენით თერაპიის, დროს.

     

    კვლევის მეთოდოლოგია

    უფრო მეტის გაგების მიზნით, მეცნიერებმა საკვლევ პირებს თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, MRI გადაუღეს მენსტრუაციის სამი ფაზის განმავლობაში: მენზესის [სისხლის დენის], ოვულაციისა და შუა-ლუთეანურ პერიოდში. თავის ტვინის ტომოგრაფიის პარალელურად, მეცნიერებმა ასევე შეამოწმეს მონაწილეების სისხლში ჰორმონების დონეები. 

    შედეგებმა აჩვენა, რომ ჰორმონალურ ცვლილებებთან ერთად, იცვლებოდა თავის ტვინის თეთრი და რუხის მასების, ასევე ცერებრო-სპინალური [სითხე თავისა და ზურგის ტვინში] სითხის მოცულობები. 

    განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოვულაციამდე პერიოდში, როდესაც ჰორმონ 17β-ესტრადიოლისა და მალუთინეიზებელი ჰორმონების კონცენტრაცია იმატებს, თავის ტვინის თეთრ ნივთიერებაში ცვლილებები იწყება, რაც, ტექნიკურ დონეზე, ინფორმაციის უფრო სწრაფ გაცვლას უზრუნველყოფს. 

    ფოლიკულების მასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაცია, რომლის კონცენტრაცია ოვულაციამდე იმატებს და რომელიც ასევე ასტიმულირებს საკვერცხის ფოლიკულებს, ასევე დაკავშირებული იყო თავის ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებასთან. 

    პროგესტერონი, რომელიც ოვულაციასთან ერთად იკლებს, დაკავშირებული იყო ცერებრო-სპინალური სითხის მოცულობის ცვლილებასთან.

     

    როგორ შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს ეს ცოდნა საკუთარი კეთილდღეობისთვის?

    ჯერ-ჯერობით ამის თქმა რთულია. 

    ახალი მონაცემები, მინიმუმ, იმის გაგებაში გვეხმარება, რომ მენსტრუაციის დროს მწვავე ფსიქიკური მდგომარეობები, შესაძლოა, სწორედ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ციკლის დროს მიმდინარე ძვრებს უკავშირდება.

    “ადამიანის თავის ტვინსა და რეპროდუქციულ ჰორმონებს შორის კავშირის უფრო მეტად გაგება აუცილებელია, რათა გავიგოთ, როგორ ფუნქციონირებს ნერვული სისტემა ჰორმონული გარდამავლობის პერიოდში, ასევე ყოველდღიურად, და მთელი ცხოვრების განმავლობაში”, - წერენ კვლევის ავტორები.