2020-09-17

  • ადიქციის გაშუქება - სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის
  • მედიაში კანონით აკრძალული ნივთიერებების რეკრეაციული მიზნებით მოხმარების ან მასთან დაკავშირებული რეგულირების გაშუქება ახალი არ არის, თუმცა, მისი ფორმა და შინაარსი ხშირად სადავოა. პოლიტიკის შემქმნელებსა და მომხმარებლებს შორის დღემდე ცხარე დებატები მიმდინარეობს იმაზე, რამდენად ეფექტურია მედია, რა როლი აქვს მას ამ პროცესებში და რა არის ზღვარი სასარგებლო და მავნე გაშუქებას შორის. ამ ანალიზის ფარგლებში წარმოგიდგენთ სხვადასხვა მოსაზრებას იმაზე, თუ როგორ უნდა გააშუქოს ტრადიციულმა და ახალმა მედიამ ნარკოტიკების თემა ისე, რომ არსებული მონაცემები გამოქვეყნდეს და იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ არ დადგეს სხვა სახის ზიანი, რომელიც მომხმარებლის ღირსებას უკავშირდება. 

    ჯანდაცვის მედიაში გაშუქება 1970 წელს დაიწყო და თავიდან მისი მიზანი კარდიოვასკულარული დაავადებების პრევენცია იყო. ამ კონკრეტულ სფეროში მედიის გაშუქების წარმატებამ განაპირობა ის, რომ გასაშუქებელი თემები გამრავალფეროვნდა და მოიცვა ისეთი საკითხები, როგორებიცაა სიმსივნეები, HIV/AIDS-ის პრევენცია, ოჯახის დაგეგმვა და ძალადობა ოჯახში. 1970 წლიდან მედია აქტიურად გამოიყენება თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვადასხვა არალეგალური ნივთიერებების რეკრეაციული გამოყენების პრევენეციის მიზნით.

    მას-მედია კამპანიები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ხალხში გაევრცელებინა ინფორმაცია ჯანმრთელობაზე ან მასთან დაკავშირებულ რისკებზე და ორიენტირებული იყო ქცევების ცვლილებაზე. ასეთი სახის მესიჯები ჩვეულებრივ, იყო და არის რადიოში, გაზეთებში, ჟურნალეში, დიდ ბილბორდებსა და საგზაო პოსტერებზე.  გავრცელებისთვის გამოიყენება ინტერნეტი, ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული მეილები.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიებში, როგორც წესი, ცნობილი ადამიანებიც იღებენ მონაწილეობას. ასეთი კამპანიები, როგორც წესი, კომპლექსური სოციალური მარკეტინგის პროგრამების ნაწილია და სამიზნე აუდიტორიასთან ინფორმაციისა თუ გზავნილის არაერთხელ და სხვადასხვა ფორმით მიტანას ისახავს მიზნად.

     

    მედია და ნივთიერებების მოხმარება - რა შემთხვევებში იმუშავა საზოგადოებრივმა მედია კამპანიებმა?

    მედია კამპანიებმა წარმატებით იმუშავა თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შემცირებაში, საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაში, და ზომიერად კარგი შედეგები აჩვენა შემდეგ სფეროებში: ჯანსაღი კვების წახალისება, ფიზიკური აქტივობები, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგ პროგრამებში ჩართვის მიზნით ჩატარებულმა კამპანიებმა, ორგანოების დონაციის წახალისებამ და გულის დაავადებების რისკებზე მიმდინარე კამპანიებმა. 

    მედია-კამპანიები ფართოდ გამოიყენება ახალგაზრდებში სხვადასხვა ნივთიერების  გამოყენების სფეროშიც.  ასეთი კამპანიების ფარგლებში, საკითხი ეხება კონკრეტულ ნივთიერებას, მასზე ცნობიერების ამაღლებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხაზგასმას.  ასეთი სახის კამპანიების ტიპიური სამიზნეები ახალგაზრდები არიან, ვინაიდან კვლევებით დამტკიცებულია, რომ ნარკოტიკებს, სიგარეტსა და ალკოჰოლს ხშირად იღებენ ახალგაზრდა ასაკში, ექსპერიმენტებისა და ახალი გამოცდილებების შეგრძნებების მიზნით.  არც ერთი ასეთი დიდი კამპანია რეალურად არ შეფასებულა: არავის დაუდგენია მათი შედეგები, ან თუ გამოიკვლიეს, უფრო ის შეაფასეს, გაიგეს თუ არა ახალგაზრდებმა ესა თუ ის საგანი და რამდენად ახსოვდათ ის და მოსწონდათ თუ არა ისინი.  ზოგი მონაცემი ხელმისაწვდომია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სრულყოფილი მაინც არ არის და სრულ სურათს ვერ წარმოაჩენს.

     

    მედიაში ნარკოტიკების პრევენციაზე არსებული აკადემიური ნაშრომების მეტა-ანალიზი

    მეტა-ანალიზმა, რომელიც მედია კამპანიების ეფექტურობის შესამოწმებლად ჩატარდა, მოიცავდა მედიის ეფექტურობას გავლენა მოეხდინა 26 წელს ქვემოთ ასაკის ახალგაზრდების ქცევაზე, ნარკოტიკების მოხმარების მიზანზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მიმართ ქცევის შესაძლო ცვლილებაზე. აკადემიურ სფეროს 23 ასეთი კვლევა გააანალიზეს, რომლებიც 1991 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში ჩატარადა და ჯამში დაახლოებით 200 000 ახალგაზრდა იყო ჩართული, სხვადასხვა ფორმით, ავსტრალიიდან, კანადიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 23 კვლევიდან მხოლოდ 14 კვლევა აკმაყოფილებდა სტანდარტებს მეტა-კვლევაში ჩართვისთვის.

     

    რენდომიზებული კვლევები მედია კამპანიების vs სხვა სახის ჩარევებზე ნარკოტიკების მოხმარების შემცირება/პრევენციაში

    ოთხმა რენდომიზებულმა, გაკონტროლებულმა კვლევამ გააანალიზა მედიის ჩარევების შედეგები ნარკოტიკების მოხმარების შემცირების საქმეში. სტატისტიკურად, ამ ოთხი კვლევის შემთხვევაში, დამტკიცდა ნულოვანი ჰიპოთეზა - ნარკოტიკების შესახებ ინფორმაციის შემცველ მედია პროდუქტზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვად არ ცვლის ახალგაზრდების ქცევებს ნარკოტიკებთან მიმართებაში. 

    ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარკოტიკების მოხმარების სიხშირე უფრო ნაკლებია ისეთ ახალგაზრდებში, რომლებსაც ხელი არ მოუწვდებათ ასეთი შინაარსის მედია პროდუქციაზე.

    ამ კვლევებში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილს მოსწონს მედიის მონაწილეობა ნარკოტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლებისს კამპანიებში, ზოგს - არ მოწონს და მათ ქცევაზე მსგავსი კონტენტი გავლენას არ ახდენს.

     

    ევროპის მიმოხილვა

    ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის [EMCDDA] ინფორმაციით, მედიის როლზე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქცევებზე ევროპის მასშტაბით სისტემური შეფასებები არ არის ჩატარებული. რამდენიმე ქვეყანას აქვს შეფასებული მედიის გავლენა ნარკოტიკების პრევენციაზე [მათ შორის არიან ბულგარეთი, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო]. თუმცა, მსგავსი მიმოხილვები მედია-კამპანიებს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებს: ჰქონდა თუ არა ნანახი ესა თუ ის მედია პროდუქტი სამიზნე აუდიტორიას, განიხილეს თუ არა სლოგანი მეგობრებთან ერთად, ან გაიზარდა თუ არა მათი ცნობიერება ნარკოტიკებზე ამა თუ იმ კამპანიის შემდეგ. 

    საინტერესო შედეგები აჩვენა დანიაში ჩატარებულმა მედია კამპანიამ, რომელიც თინეიჯერებში კანაფის პროდუქტების მოხმარების შემცირებას ისახავდა მიზნად. მედია კამპანიის შემდეგ მისი შედეგები გაიზომა და აღმოჩნდა, რომ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც მედია-კამპანიის პროდუქტებს ნახულობდნენ, უფრო მეტად თქვეს, რომ მეგობრებთან ერთად მარიხუანის მიღება სასიამოვნო იქნებოდა, ვიდრე იმ  ახალგაზრდებმა, რომლებსაც მსგავი მედია კამპანიის პროდუქტები არ უნახავთ და მათი გავლენა არ ჰქონიათ.

     

                                      მოკლე შეჯამება

    განხილული კვლევების უმრავლესობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია ჩატარებული.  გარდა ამისა, კითხვები, რაც ამ კვლევების ფარგლებში მოზარდებს დაუსვეს ნარკოტიკებზე ან მოხმარების მოტივაციებზე, მრავალფეროვანი და სხვადასხვაგვარია და უმეტესად შედარებადი არ არის. ეს ორი ფაქტორი, ერთად აღებული, ვერ იძლევა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების განზოგადების საშუალებას, განსაკუთრებით კი ევროპის კონტექსტში.

    აქამდე მოგროვებული ანალიზები აჩვენებს, რომ პრევენციულ მედია კამპანიებს ნარკოტიკების მოხმარების შემცირებაში ან ნარკოტიკების მოხმარების მოტივაციაში გავლენა ან თითქმის არ აქვს, ან თუ აქვს, სუსტი. ისეთი არასასრუველი შედეგი, როგორიც დანიაში ჩატარებულ კამპანიას მოჰყვა [როცა კამპანიის შემდეგ ახალგაზრდებმა თქვეს, მეგობრებთან მოხმარება უფრო სასიამოვნო იქნებოდა], გარკვეულ გაფრთხილებასა და მინიშნებას იძლევა. ეს განსაკუთრებით პრევენციის დაგეგმვის დროსაა გასათვალისწინებელი, რადგან ასეთ კამპანიებს სამიზნე აუდიტორია არ ითხოვს, ანუ ეს მათი მოთხოვნისგან ან სურვილისგან დამოუკიდებლად ხდება და შედეგების პროგნოზირება რთულია.

    ინფორმირებულობას, შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული გავლენა ქცევაზე ან ქცევით ცვლილებაზე, თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია მიღებული ქცევითი ნორმები [ის, რომ თითქოს ნარკოტიკების “ყველა იღებს” და ეს “ნორმაა” ახალგაზრდების ნაწილისთვის], რომელსაც ასევე თავისი წილი გავლენა აქვს მოზარდების ქცევებზე. 

    აქამდე არსებული ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზით ჩანს, რომ სანამ ნარკოტიკების პრევენციაზე რამე მედია-კამპანიები დაიწყება და განხორციელდება, საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება, ხოლო თვით კამპანიას წინ უნდა უძღოდეს სამიზნე აუდიტორიის შეძლებისდაგვარად დეტალური კვლევა.

    საზოგადოებრივი კამპანიების პოტენცია მდგომარეობს მედიის ძალაში,  მარტივად გადმოსცეს სათქმელი და მიიტანოს ის აუდიტორიამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განმეორებით და გარკვეული პერიოდულობით.  ცნობილია, რო ასეთი კამპანიები სხვადასხვა სახის აუდიტორიის მიზნამდე აღწევს [Wakefield და სხვ, 2010].  თუმცა, ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის მოსაზრებით, ასეთი კამპანიების მთავარი ეთიკური დილემა ისაა, რომ ასეთი მასშტაბური ინტერვენციები საზოგადოებას არ მოუთხოვია, დაკვეთა იქიდან არ მოდის, არამედ მიწოდება, რომელიც მიმწოდებლის მოფიქრებულია და შესაძლოა, ასეთმა კამპანიებმა თავიდან გაუთვალისწინებელი მოვლენები გამოიწვიონ ან კონტრპროდუქტიულნი იყვნენ.

     

    ქართული ნარკოპოლიტიკის ცნობილი ლოზუნგები

    “ქალაქში მკვლელი დადის”, “ამ სახლში სუბუტექსის გამსაღებელი ცხოვრობს,” ჯგუფი “ანტისუბუტექსი,” “ყველაფერი, სუბუტექსის გარდა" - ეს ის მესიჯებია, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, ნარკოტიკებთან ბრძოლას და მის დამარცხებას ცდილობდა.  ეს ფრაზები დედაქალაქ თბილისში 2005 წლიდან გაჩნდა და მათი მიზანი შეშინება და შიშზე აგებული ცვლილებების მცდელობა იყო, რომელიც მოქალაქეების ქუჩიდან აყვანით და შარდში ნარკოტიკების შემოწმებით გაგრძელდა.

    “ყველა ზემოთ მოყვანილი მაგალითი საერთაშორისოდ კარგად ცნობილი “ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის” ჟანრიდანაა, ამ მიდგომის ქართული რიკეიქი, გროტესკული ვერსიაა.  საინტერესოა, რომ ეს ერთგვარი პრელუდია იყო დამსჯელობითი მიდგომის იმ გასასტიკებისა, რაც საქართველოში 2006 წლის მეორე ნახევრიდან დაიყო და ნარკოტიკების მომხარებელმა მიმართ და რომლის ინსტიტუციური ინსტრუმენტი ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირება გახდა,” - ნათქვამია “ნარკოტიკების” გზამკვლევში ჯანა ჯავახიშვილის ავტორობით.

     

    ნივთიერებებზე დამოკიდებულების თეორიები - 

    თავის ტვინის დაავადების თეორია

    ადიქციის მეცნიერება ერთ-ერთი ყველაზე ცხარედ განხილვადი თემაა. სხვადასხვა თეორიის წარმოდგენილ მტკიცებულებებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ინტერვენციებისა და შესაბამისი საზოგადოებრივი პოლიტიკის შემუშავების საქმეში.

    ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორია “თავის ტვინის დაავადების / brain disease” მოდელია, რომელსაც ამერიკის წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტი [NIDA, National Institute on Drug Abuse] იზიარებს. ამ მოდელის მიხედვით, ადიქცია თავის ტვინის დაავადებაა. 

    ამ მოდელს კრიტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ამ თეორიას საკმარისი მტკიცებულებები არ უმაგრებს ზურგს. ამ თეორიის კრიტიკოსებს შორისაა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროფესორი უეინ ჰოლი. 2015 წელს ჰოლმა და მისმა კოლეგამ სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში” გამოაქვეყნეს სტატია თავის ტვინის დაავადების მოდელი: გამოწვევა თუ სტიგმის გაძლიერება? სადაც მათ განაცხადეს, რომ “თავის ტვინის დაავადების მოდელი” ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით და ნეიროვიზუალური მასალებით არ არის საკმარისად დასაბუთებული; მათი აზრით, ამ თეორიას არც დიდი საერთო სიკეთე მოუტანია: მკურნალობის უკეთესი მეთოდები არ შემოუთავაზებია და ნარკოკანონმდებლობის შერბილებისკენაც განსაკუთრებული წვლილიც არ მიუძღვის.

    “ეჭვგარეშეა, რომ ადიქციის სიღრმისეული ძიება და უფრო მეტად გაგება სამომავლოდ დაგვეხმარება შესაბამისი ზომების მიღებაში,” - წერდა 2013 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვოლფგანგ გოტცი, ევროპის წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის [EMCDDA] მაშინდელი დირექტორი. - “ეს მიდგომა უფრო შორს უნდა მიდიოდეს, ვიდრე მხოლოდ “თავის ტვინის დაავადების” მოდელი ან ამ ფენომენის, როგორც წმინდად სოციალური ან ეკონომიკური მოდელის, განხილვა.”

     

    სხვა თეორიები

    ევროპის წამალდამოკიდებულებისა და ადიქციის მონიტორინგის ცენტრის პუბლიკაციაში ბრიტანელი ექიმი რობერტ უესტი ექვს ძირითად მოდელს და 15 ქვემოდელს გამოყოფს, რომლებიც ძირითადი მოდელებიდან გამომდინარეობენ ან/და მათ გაგრძელებას წარმოადგენენ.

    მათ შორისაა ავტომატური ქცევის თეორია, რომლის თანახმადაც ადიქტურ ქცევებს ადამიანები ავტომატურად გამოიმუშავებენ, ყოველგვარი წინასწარი მიზნისა ან გავლენის გარეშე; დასწავლის თეორია, რომლის თანახმადაც ადამიანი ერთხელ განცდილ და დამახსოვრებულ სიამოვნებას/გამოცდილებას იმეორებს, რომელსაც თავის ტვინის ნარკოტიკებით სტიმულირება მოუტანს ისე, რომ უარყოფით შედეგებზე არ ფიქრობს ან მათ არ ითვალისწინებს; იმიტაციის თეორია, რომლის თანახმადაც ადიქცია იწყება სხვისი ქცევის მიბაძვით, მის ყოფასთან ან/და ინდენტობასთან შერწყმის სურვილით და ასე შემდეგ.

    რეფლექსიური არჩევანის თეორია ამტკიცებს, რომ კანონით აკრძალული ნივთიერებების, ანუ ნარკოტიკების მიღება ადამიანის მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული არჩევანია. მართალია, ამ თეორიის მიმდევრები აღიარებენ, რომ ადამიანის თითქოსდა “გაცნობიერებული” არჩევანი მაინც გაუცნობიერებელია და სხვა გარე სტიმულებზე მისი რეაქცია-პასუხია, რაც სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ვერ იქნება, თუმცა, მაინც “არჩევანი” მისი წარმმართველი ძალაა.

    ამ თეორიის ქვეშ რობერ უესტი ორ ქვეთეორიასაც აღწერს: რაციონალური არჩევანის თეორია და მიკერძოებული აჩევანის თეორია.

    რაციონალური არჩევანის თეორიის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც იღებენ ნარკოტიკებს, მაინც ნარკოტიკებთან ცხოვრებას არჩევენ უმაგისო ცხოვრებას. შესაძლოა, ისინი არ აღიარებენ, ან გარკვეული თვალსაზრისით, არ იციან იმ გვერდითი მოვლენებზე, რაც უცნობი ნივთიერებების მიღებას ახლავს თან, ან სულაც თვლიან, რომ გარკვეული ნივთიერებებით მიღებული დადებითი მხარეები უარყოფით მოვლენებს გადასწონის, რომელთა შორისაა პოზიტიური განწყობის შექმნა და დისკომფორტებისგან გათავისუფლება.

    მიკერძოებული აჩევანის თეორის მიხედვით, ადამიანს სულ ეცვლება პრიორიტეტები, მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა ის ახალი სახის ინფორმაციას და ადამიანის ქცევასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას ახდენს წარსულის ემოციური და კოგნიტური, სუბიექტური მეხსიერება. ადამიანი აკეთებს მიკერძოებულ არჩევანს, მიიღოს თუ არ მიიღოს ესა თუ ის ნივთიერება, ვინაიდან  მას წარსულში ამ ქცევისგან დადებითი ემოციები ახსოვს და მისი სუბიექტური მოსაზრებით, სასიამოვნო გამოცდილება განმეორდება, თუ სიამოვნებისმომგვრელ ნივთიერებას ისევ მიიღებს. 

     

    რჩევები და რეკომენდაციები

    “ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების გაშუქების მედია მონიტორინგის” პროექტის ავტორები რამდენიმე რჩევას აძლევენ ჟურნალისტებს ამ საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის. 

    ●     პასუხისმგებლობით გააშუქეთ ნარკოტიკების მოხმარებასა და ადიქციის თაობაზე საზოგადოების დიკუსია;

    ●     ის მავნე ეფექტები, რასაც ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება იწვევს, ფაქტობრივი სიზუსტით უნდა აისახოს მასალაში. მისი ეფექტის შესახებ გადაჭარბებით ან მინიმალურად საუბარი მართებული არაა;

    ●     თავი აარიდეთ მოხმარების მეთოდის დეტალურ აღწერას, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ახალგაზრდა, როგორც წესი, მას იცნობს;

    ●     ზოგიერთ მასალაში ნარკოტიკული საშუალების ქიმიური შემადგენლობის აღწერა შესაძლოა გამართლებული იყოს, მაგრამ თავი აარიდეთ ისეთი დეტალების აღწერას, რაც მის წარმოებას შეუწყობს ხელს;

    ●     არ ახსენოთ ამა თუ იმ ნარკოტიკის ლეტალური/სასიკვდილო დოზა;

    ●     თავი აარიდეთ ისეთ გაშუქებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ნარკოტიკით ექსპერიმენტირებას. ისე გააშუქეთ, რომ საფრთხე მიმზიდველად არ გამოჩნდეს.

    ●     მასალაში ხაზი გაუსვით ისეთ ინფორმაციას, სადაც  ნივთიერებაზე დამოკიდებულებისგან პრევენციაზეა საუბარი და სადაც აღნიშნულია, რომ შეიძლება ნივთიერებაზე დამოკიდებულებით გამოწვეული საზიანო ქცევების არიდება.

    ●     გაითვალისწინეთ იმ მხარეების არგუმენტები, რომლებიც თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას ნარკოტიკული საშუალების ჭრილში განიხილავენ

    ●     თემა ისე გააშუქეთ, რომ ნივთიერების მომხმარებლის ან ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანის სტიგმატიზება არ მოხდეს: სტიგმის და სირცხვილის გამო, ადამიანები დახმარების ძიებაზე უარს ამბობენ. სტიგმატიზების თავიდან ასაცილებლად, მასალაში არ გამოიყენოთ ისეთი  სიტყვები, როგორებიცაა: ნარკომანი, ნარკომანიით დაავადებული. ამის ნაცვლად გამოიყენეთ ნივთიერების მომხმარებელი.

    ●     დოზის გადაჭარბების შემთხვევისას, არ იჩქაროთ იმ ნივთიერების დასახელება, რამაც ეს გამოიწვია,  სანამ ტოქსიკოლოგის დასკვნა არ გამოქვეყნდება. 

    ●     შეეცადეთ მასალა დააბალანსოთ განსხვავებული აზრის მქონე ექსპერტის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როცა მასალაში უმეტესწილად წარმოდგენილია მოსაზრებები იმ საფრთხის შესახებ, რაც საზოგადოებას ემუქრება; როცა მოითხოვენ ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას;  თუ სამიზნე სტიგმატიზებული ჯგუფია.

    ●     ეცადეთ, მასალა ამა თუ იმ ჯგუფის (ინდუსტრია, პოლიტიკოსები, ლობისტები) გავლენისგან თავისუფალი იყოს და მკითხველს მეცნიერებაზე დაფუძნებული, ფაქტობრივი ინფორმაცია მიაწოდოთ ნივთერებაზე, მის ზემოქმედებაზე და მომხმარებელზე.

     

    ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანისგან ინტერვიუს აღების სპეციფიკა

    ●     მიეცით ნარკოტიკის მომხმარებელს სათანადო დრო, რომ აწონ-დაწონოს ის ეფექტი, რაც თქვენს მასალაში მისი ინტერევიუს გამოქვეყნებას მოჰყვება. მიეცით მას მინიმუმ ერთი დღე მოსაფიქრებლად, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ინტერვიუს მის ცხოვრებაზე.

    ●     პატივი ეცით თქვენს რესპონდენტს. ინტერვიუს შემდეგ, მიეცით წყაროს საშუალება გადაიკითხოს ის, რაც მის შესახებ მასალაში წერია. მასალამ მის ცხოვრებაზე გავლენა შეიძლება იქონიოს, ამიტომ მას აქვს უფლება იცოდეს,  რა გამოქვეყნდება. მას უნდა ჰქონდეს ფაქტობრივი შეცდომის ან კონტექსტიდან ამოგდებული ინფორმაციის შესწორების საშუალება

    გაეროს კომუნიკაციების გუნდის რჩევით, მოწყვლადი ჯგუფისთვის ფოტოების გადაღების დროს, რომელთა წარმოჩენა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სტიგმას [მაგ. აივ ინფექციის მატარებელი ადამიანები, სექსმუშაკები, ნარკოტიკების მომხმარებლები, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი], სჯობს, პირდაპირ არ გამოვაჩინოთ. “ნივთიერების მომხმარებლების ვინაობა და გარეგნობა ჟურნალისტებმა უნდა განიხილონ, როგორც კონფიდენციალური და  მათი ფოტოებსა და ვიდეოში ჩვენებისგან თავი უნდა შეიკავონ ან ისე გამოაჩინონ, რომ ისინი ვერავინ ამოიცნოს, რადგან, შეიძლება, საკანონმდებლო პრობლემები წარმოიქმნას [თუ რესპონდენტს პრინციპულად არ სურს საწინააღმდეგო]”, - წერია ანგარიშში.

     

     

    ♦ ანგარიში სრულად  ნივთიერებებზე დამოკიდებულების გაშუქება - სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის

     პუბლიკაცია ➠ ადიქციის მოდელები © რობერტ უესტი, ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი, EMCDDA, 2013

      მონოგრაფია ➠ ნივთიერებებზე დამოკიდებულების თეორიები © ამერიკის წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტი, NIDA

    ♦ ილუსტრაცია  თინა ჩერტოვა © კაქტუს მედია