2023-11-12

  • ანორგაზმია
  • ანორგაზმია პრობლემად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუკი ის დისკომფორტს უქმნის ადამიანს. ანორგაზმია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ქალების დაახლოებით 24-37 პროცენტს ეხება [Rosen, 2000]. 

    იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს შემთხვევებში, ქალის ორგაზმი მხოლოდ პენეტრაციით არ მიიღწევა, არამედ საჭიროა სხვა სახის - კლიტორალური ან ვაგინალური სტიმულაციაც [Whipple & Brash-McGreer, 1997; N.A. Philips, 2000], ქალთა ნაწილს უჭირს ორგაზმის მიღწევა.

    ქალთა ორგაზმული აშლილობა შემდეგნაირად დეფინიცირდება: “მიუხედავად სექსუალური აღგზნების სიმძაფრისა, ორგაზმის მიღწევა ჭირს; ან ორგაზმი დგება, მაგრამ სუსტად | არასაკმარისად ან ყოვნდება - და ყველა სახის სტიმულაციის მიუხედავად, გვიან დგება” [Basson, Althof, et al., 2004].   

    პირველადი ანორგაზმიის შემთხვევაში, ქალს არასოდეს განუცდია ორგაზმი, სტიმულაციის მიუხედავად.

    მეორადი ანორგაზმიის დროს ქალს განუცდია ორგაზმი, მაგრამ ვერ აღწევს ამჟამად, ან - კონკრეტულ სიტუაციებში ან | და კონკრეტულ პარტნიორთან. შესაბამისად, მეორადი ანორგაზმია არის უფრო სიტუაციური: როცა, მაგალითად, ქალი აღწევს ორგაზმს მასტურბაციით, მაგრამ ვერ აღწევს პარტნიორთან [K.P. Jones, Kingberg & Whipple, 2005]. 

    ორგაზმი უფრო მეტია, ვიდრე რეფლექსი. რეფლექსებთან ერთად, ორგაზმი არის სიტუაციისა და პარტნიორის, ან საკუთარი თავის აღქმაც და მისი მიღების სურვილი, რაც სუბიექტური შეგრძნებებია და რომელიც ყოველთვის არაა რეფლექსების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. 

     

    შესაძლო გამომწვევი მიზეზები

    ორგაზმის გამოწვევა მთელ რიგ ფიზიკურ და ფსიქიკურ მასტიმულირებელს შეუძლია. ზოგჯერ მისი მიღწევისთვის გენიტალიების პირდაპირი სტიმულირება არცაა აუცილებელი. მენტალური | ფსიქიკური [გამოსახულებებით სტიმულირებული] ორგაზმის მიღწევა ქალებში ლაბორატორიულ გარემოში მოხდა მოხდა, ექსპეტიმენტის მიზნით [Whipple, Ogden & Komisaruk, 1992; Komisaruk & Whipple, 2005].

    ფსიქო-სექსუალური პრობლემები ხშირია ისეთ ქალებში, რომლებსაც მთელი ცხოვრება აქვთ ორგაზმული პრობლემები. ბიოლოგიურად კი, ორი ან მეტი დაავადების თანაარსებობა და ფარმაცევტული პროდუქტების რუტინული მიღების გვერდითი მოვლენების გავლენა, ასაკთან ერთად, იზრდება და მოქმედებს ორგაზმის შეგრძნების უნარზეც [Plaut, Graziottin & Heaton, 2004]. 

     

    დაძლევა 

    ანორგაზმია კოგნიტურ-ქცევითი და ფარმაკოლოგიური თერაპიით, ასევე სისტემური, ყოვლისმომცველი, მიდგომით დაიძლევა. 

    მეცნიერების - Meston, Hull, და სხვების [2004] აზრით, “ანორგაზმიის დროს კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის მიზანია ორგაზმთან დაკავშირებული ქცევებისა და დამოკიდებულებების ცვლილების წახალისება, შფოთვის შემცირება, ორგაზმული შესაძლებლობების ზრდა-განვითარება და მისი ეფექტური მიღწევა.” 

    ქცევითი თერაპიები მოიცავს მასტურბაციას, - ვიბრატორით ან მის გარეშე, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად მკურნალობის დროს. თუკი ქალს შეუძლია მიაღწიოს ორგაზმს მასტურბაციით, მაგრამ პარტნიორთან - ვერა [იგულისხმება სასურველი პარტნიორი], წყვილებს შორის თერაპიაც ეფექტურია, თუკი დაიძლევა შფოთი, წყვილს შორის კომუნიკაციის პრობლემები, ნდობის ნაკლებობა და წარსულის ტრავმები. 

    თერაპიის ერთ-ერთი საშუალებაა კეგელის ვარჯიშები, რომელიც მენჯის კუნთებს ავითარებს. მეცნიერების - Graber-ისა და Kline-Graber [1979] - მოსაზრებით, რაც უფრო ფორმაშია მენჯის კუნთები, მით მაღალია ქალის ორგაზმული აღგზნების ხარისხი, შესაბამის გამაღიზიანებელთა შედეგად.

    ერთ რეტროსპექტულ კვლევაში [ეს ისეთი სახის კვლევაა, სადაც მონაწილეებს წარსულის შესახებ ეკითხებიან] ქალები გამოჰკითხეს და აღმოჩნდა, რომ - მათ, რომლებსაც მენჯის კუნთები სუსტი ჰქონდათ, უფრო მეტად ჰქონდათ ანორგაზმია.

    ორალური სექსი - ვაგინის სტიმულირება  | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | შავი ტუში, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა 

     

    შეხება, როგორც თერაპია 

    სხეულზე ორიენტირებული, შეხებითი, ვარჯიშები 1970 წელს შეიმუშავეს Masters & Johnson-მა. ამ ვარჯიშების მიზანია შეხების გზით შფოთვის შემცირება. 

    შეხება იწყება სხეულის მგრძნობიარე ნაწილებიდან [მაგ. სკალპისა და სახის მასაჟები] და გადადის მგრძნობიარე და სექსუალურ ნაწილებზე [მაგ. გენიტალიების მასაჟი]. ეს ვარჯიშები დღემდე აქტუალურია და ფართოდ გამოიყენება. თუმცა, მეცნიერების - Metson, Hull, და სხვების მოსაზრებით [2004], არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ამ ვარჯიშებს რამე მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლიათ ანორგაზმიის მკურნალობის კუთხით. 

    სექსუალური სიამოვნების პიკების მისაღწევად ორგაზმი ყოველთვის არაა აუცილებელი და არც სექსუალური ტკბობის ერთადერთი შემადგენელი ნაწილია. არც პენეტრაციის დროს ორგანიზმის ვერ-შეგრძნებაა არანორმალური. ანორგაზმია მხოლოდ მაშინ არის პრობლემა, როცა ის ქალს [ან კაცს] აწუხებს, დისკომფორტს უქმნის და საკუთარ თავში რწმენას უქვეითებს. 

    ქალმა, რომელსაც ზურგის ტვინი ჰქონდა დაზიანებული, მონაწილეობა მიიღო ლაბორატორიულ კვლევაში, სადაც გამღიზიანებელზე მისი სექსუალური პასუხები გაზომეს [Whipple, Gerdes & Komisaruk, 1996]. ფიზიკური ტრავმის მიღების შემდეგ - ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას ორგაზმი არ განუცდია. ჯანდაცვის სფეროს წარმოადგენელმა მას უთხრა, რომ რაკი მას მკერდს ქვემოთ მგრძობელობა ჰქონდა დაკარგული, ის ვერასოდეს გამოცდიდა ორგაზმს; შესაბამისად, მას შემდეგ არანაირი სტიმულირება არ უცდია. 

    ლაბორატორიაში მან სამ, 12-წუთიან, ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც თვითონ ისტიმულირებდა თავს [გენიტალურად და არაგენიტალურად]; შედეგად ექვსჯერ გამოსცადა ორგაზმი.  

     

    არის თუ არა ორგაზმი ახლო სხეულებრივი კომუნიკაციის მთავარი და საბოლოო მიზანი? 

    ყველა ასე არ ფიქრობს.

    სექსუალობის შემსწავლელი მეცნიერები სექსის დროს თვითგამოხატვას უფრო კომპლექსურად განიხილავენ. ამ მიდგომის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ის არ განიხილავს ორგაზმს, როგორც სხეულებრივი სიახლოვის მთავარ, საბოლოო მიზანს. სექსის მიმართ კულტურული დამოკიდებულებების ნაწილი ძველი, ადრეული მოსაზრებებიდან მოდის, რომლიდან გამომდინარეც სექსის მიზანი განაყოფიერება | ნაყოფიერება, თვითწარმადობა იყო. 

    დროთა განმავლობაში, ეს მოსაზრება შეიცვალა. სექსის ფუნქციები გამრავალფეროვნდა და ამჟამად ის არა მხოლოდ ახალი სიცოცხლის შექმნას, არამედ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უკავშირდება, უფრო მეტიც - მის გარეშე არც განიხლება. 

     

     
     
     
     ძირითადი სამეცნიერო წყარო: "ორგაზმის მეცნიერება", ბარი კომისარუკი, კარლოს ბეიერ-ფლორესი და ბევერლი უაიფლი; ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამომცემლობა → The Science of Orgasm
     
     პროექტის "ორგაზმზე სამეცნიერო მონაცემების გავრცელება & ცნობიერების ამაღლება" იდეური და ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში".