2024-04-19

  • ჰაერის პორტალის რუკას ორი ახალი სადგურის ნაწილობრივი მონაცემები დაემატა
  • ჰაერის პორტალის რუკას ორი ახალი სადგურის ნაწილობრივი მონაცემები დაემატა. ამჟამად პორტალის რუკაზე 9 ლოკაციაა მონიშნული.

    ორი ახალი სადგურიდან ერთი თბილისშია დაინსტალირებული, - მარშალ გელოვანის გამზირი No34-ში, ხოლო მეორე -  რუსთავში, მეგობრობის გამზირის No35ა, No20 საჯარო სკოლის ეზოში. 

    რუკაზე ახალი სადგურების ატმოსფერულ ჰაერში სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლის შესახებ მოგროვებული მონაცემები მხოლოდ ნაწილობრივ არის ასახული და წერია, რომ მონაცემების პორტალთან ინტეგრირება ტესტირების რეჟიმშია. 

    წყარო: air.gov.ge 
     

     

    სხვა ახალი სადგურები

    ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოში, მათ შორის რეგიონებში, რვა ახალი ავტომატური სადგური დაინსტალირდა, მაგრამ ყველა მათგანის მონაცემი ჰაერის პორტალზე ჯერ-ჯერობით არ არის ასახული.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, ახალი სადგურების მონაცემები ეტაპობრივად აისახება პორტალზე, მაგრამ ყველა ახალი სადგურის მონაცემების სრულად ასახვის დასრულების უფრო ზუსტი თარიღი სააგენტოში ვერ დაგვიზუსტეს.

    "ჩვენი ინტერესიც არის, რომ დროულად მოხდეს პორტალზე ახალი სადგურების ასახვა და მიდის სამუშაოები, მაგრამ ზუსტი რიცხვისა და თვის თქმა [თუ როდის აისახება ყველა სადგურის მონაცემები პორტალზე] არ შეგვიძლია,” - უთხრეს “კაქტუსს” სააგენტოში.

    ამჟამად საქართველოში ჰაერის ხარისხის 16 ავტომატური სადგური ფუნქციონირებს. მათ შორის, 5 თბილისში, ორ-ორი - რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო თითო - ზუგდიდში, თელავში, ახალციხესა და მესტიაში. 


     

    მხოლოდ ფონური სადგურები

    გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ რვავე ახალი სადგური ფონურია.

    ფონურია ისეთი ტიპის სადგური, რომელიც დამაბინძურებელ წყაროსთან ახლოს არ დგას.

    დამაბინძურებელი წყაროს უკეთ გამოვლენის მიზნით სასურველია, რომ ფონურ სადგურთან ერთად, არსებობდეს დამაბინძურებელ წყაროსთან ახლოს მდგარი სადგურებიც.

     ამ ორი ტიპის სადგურის მონაცემების შედარებით, უფრო მარტივად შეიძლება დამაბინძურებლის გამოვლენა და დამაბინძურებელი წყაროს, ასევე დაბინძურების დინამიკის, მონაცემებით დადასტურება.

     ორი ტიპის [ფონური და დამაბინძურებელთან ახლოს] მონაცემების მოგროვება აუცილებელია დამაბინძურებლების დაავადებებთან კორელაციის დადგენის, დამაბინძურებელი წყაროების შემცირების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებითვის პოლიტიკის გატარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.


     

    რატომ მხოლოდ ფონური სადგურები?

    12 აპრილს, “კაქტუსმა” სააგენტოდან, წერილის სახით, გამოითხოვა ინფორმაცია იმაზე, თუ რატომ დაიდგა ყველა ახალი სადგური დამაბინძურებლი წყაროსგან მოშორებით. 

    ამავე წერილის ფარგლებში, სააგენტოს ვკითხეთ, იგეგმება თუ არა მომავალში ახალი სადგურების დაინსტალირება დამაბინძურებელ წყაროებთან ახლოს, მონაცემების უკეთ შედარებისა და სხვადასხვა ტიპის კორელაციების დადგენისა და ჰაერზე მონაცემების სამეცნიერო მიზნებით გამოყენებისთვის. 

    სააგენტოდან დასაბუთებული პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ მასალას ამ საკითხთან დაკავშირებით.