2023-11-02

  • ხანდაზმულ ადამიანებში კოვიდ ვაქცინებმა, შესაძლოა, ინსულტის რისკები ოდნავ გაზარდოს
  • ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის [F.D.A.] ახალი ანალიზის მიხედვით, Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს კოვიდ ვაქცინებმა, შესაძლოა, ინსულტის რისკები გაზარდონ უფროსი ასაკის ადამიანებში, თუკი კოვიდ ვაქცინ[ებ]ს გრიპის მაღალი დოზის ვაქცინასთან ერთად მიიღებენ.

    ჩვეულებრივ, უფროსი ასაკის ადამიანებისთვის გრიპის მაღალდოზიანი ვაქცინაა რეკომენდებული, და ზემოთაღწერილი რისკი უფრო მაღალია 85 წლისა და უფროსი ასაკის ინდივიდებში. თუმცა, რისკი, შესაძლოა, მხოლოდ გრიპის ვაქცინისგან მოდიოდეს [და არა კოვიდის].

    მეორე კვლევის თანახმად, კოვიდ ვაქცინები 2-5 წლის ბავშვებში კრუნჩხვების რისკებს ოდნავ ზრდიდა. ეს კვლევა გასულ კვირას გამოქვეყნდა ონლაინ, peer რევიუ ჯერ არ გაუვლია და არც სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. ვაქცინის ექსპერტების თქმით, ამ კვლევების მეთოდოლოგია სათანადოა. 

    არც ერთი კვლევა ორიდან არ არის საბოლოო და სრულყოფილი, თუმცა, მათი  პირველადი შედეგები უფრო დიდი მონაცემებითაც რომ მტკიცდებოდეს, ხსენებული რისკები იმდენად მცირეა, რომ ექსპერტების თქმით, ვაქცინაციის სიკეთეები დიდად გადასწონის ხსენებულ რისკებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თვით კოვიდ- და გრიპის ინფექციები ზრდის ინსულტის რისკებს, შესაბამის ასაკობრივ და რისკ-ჯგუფის მქონე ადამიანებში.

    ექსპერტების თქმით, ამ კვლევების შედეგები არ შეცვლის ვაქცინაციის მიმართ დადებით რეკომენდაციას, თუმცა, კვლევები მსგავსი გვერდითი მოვლენების გამოსავლენად უნდა გაგრძელდეს.

    “მონაცემების მოგროვების ასეთი მცდელობები აუცილებელია. მონაცემებისა და მტიცებულებების არარსებობის დროს, არასწორი ინტეპრეტაციები იბადება”, - ამბობს ექიმი სიუზან ჩენგი, რომელიც კარდიოლოგი და ეპიდემიოლოგია ჩედარს საინაის შმიდტის გულის ინსტიტუტში, ლოს ანჯელესში.

    ორივე კვლევა ობზერვაციულ მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ გამოყოფს. F.D.A. უფრო “მძლავრი დიზაინის კვლევის ჩატარებას” აპირებს, რომელიც ვაქცინაციასა და კრუნჩხვებს შორის კავშირის დადგენას შეეცდება, - აღნიშნა შერი დიუვალ ჯონსმა, F.D.A.-ის სპიკერმა.
     
    “ზოგჯერ, მსგავსი სუსტი კავშირები მომავალი კვლევებით და უკეთესი მონაცემებით ვერ მყარდება”, - ამბობს დიუვალ-ჯონსი.
     
    ა.შ.შ.-ის საკითხზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა ამ ორ მოვლენას შორის შესაძლო კავშირზე შარშანაც დაიწყეს საუბარი. ამასთან ერთად, მეტა-მონაცემებმა ვაქცინებზე - Vaccine Safety Datalink - მიანიშნა, რომ Pfizer-BioNTech-ის ბივალენტური [ორკომპონენტიანი] ვაქცინის მიღება, 21 დღის განმავლობაში, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებში მცირედ ზრდიდა იშემიური ინსულტის განვითარების რისკებს, რომლის დროსაც თავის ტვინის სისხლღძარღვებით მომარაგება ფერხდება.
     
    მაგრამ, ფედერალურმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ შემდგომმა მონაცემებმა აჩვენა, რომ “მსგავსი კავშირი ნაკლებად სავარაუდო იყო” და სხვა ქვეყნების სისტემებმაც ვერ დაადასტურეს მსგავსი კორელაციები.
     
     

     

     

    მასალა ადაპტირდა სტატიიდან → Covid Shots May Slightly Raise Stroke Risk in the Oldest Recipients